„გირჩი“დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ ”ქართული ოცნების” გეგმის ანალიზს აქვეყნებს

პოლიტიკური პარტია ”გირჩი” დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ ”ქართული ოცნების” გეგმის ანალიზს აქვეყნებს.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ დაგროვებითი პენსია არის არაფრის მომცემი დღევანდელი პენსიონერებისა და მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც საპენსიო ასაკს მიაღწევს უახლოესი 16 წლის განმავლობაში.

”გირჩის” ანალიზს ”ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ: „დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყოველი არჩევნების წინ პენსიის თემის გამოყენება ტრადიციად არის ქცეული. გამონაკლისი არც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებია და პენსიების შესახებ დაპირებებს პარტიების პროგრამებში დღესაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

„ქართული ოცნება“ პირველი ხელისუფლებაა საქართველოს ისტორიაში, რომელმაც აღიარა, რომ ასაკოვანი ადამიანებისთვის ბიუჯეტიდან ფულის დარიგება სოციალური დახმარებაა. თუმცა იქვე დაამატა, რომ პენსიონერები მიიჩნევენ, თითქოსდა სახელმწიფოს მათი ვალი მართებს. ანუ როგორც თავად უყვართ თქმა - პენსიონერებს „სიცრუეში ცხოვრება“ უნდათ და ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთო?

„ქართულ ოცნებაში“, როგორც ჩანს მიიჩნიეს, რომ 2012 წლის 220 ლარიანი შეუსრულებელი საპენსიო დაპირების ფონზე, ამ არჩევნებზე პენსიების ზრდის დაპირება ძალიან კომიკურად გამოჩნდებოდა და საოცარი ტრიუკი მოიგონეს.

ოცნების გუნდის გენიალური წინასაარჩევნო დაპირება/ოინი „დაგროვებითი საპენსიო სისტემის“ რეფორმაა, რომელიც ხელისუფლებისგან უახლოეს წლებში ხალხისგან ფულის აკრეფის გარდა, არაფრის კეთებას მოითხოვს.

დაგროვებით საპენსიო სისტემას „ქართულმა ოცნებამ“ მიაწერა ეკონომიკის მასტიმულირებელი ეფექტი, კაპიტალის ბაზრის განვითარება და სესხის პროცენტის შემცირება, თუმცა ამით არ დაკმაყოფილდა და გვითხრა, რომ „200 ათასი ახალი სამუშაო ადგილიდან, რომლის შექმნასაც ქართული ოცნება გეგმავს, 10-15 ათასი ახალი სამუშაო ადგილი მხოლოდ ამ რეფორმის შედეგად შეიქმნება“.

დაგროვებითი პენსია, თავისი არსით, არის ადამიანის შემოსავლის ნაწილის შენახვა (ინვესტირება) შრომითი კარიერის დასრულებამდე და დაზოგილი ფულის (ან სხვა ფორმით შენახული აქტივის) მოხუცებულ ასაკში მოხმარება.

ეს კეთილგონიერი ადამიანური მოქმედებაა და დღესაც უმრავლესობა, ერთეული გამონაკლისების გარდა, ასე იქცევა. უბრალოდ, ადამიანებს დანაზოგი აუცილებელი წესით ბანკში არ შეაქვთ და თავად წყვეტენ, ქონების დაგროვების ბევრი საშუალებიდან რაში და რა ფორმით დააბანდონ. ისინი ყიდულობენ უძრავ ქონებას, იხდიან ფულს შვილების განათლებაში, დებენ ბიზნესში და ა.შ.

განვიხილოთ დეტალურად, რას გვთავაზობს „ქართული ოცნება“.

ვის შეეხება დაგროვებითი საპენსიო სისტემა?

ქვეყანაში მცხოვრები 3,7 მილიონი ადამიანიდან ხელშეკრულებით დასაქმებულია 870 ათასი ადამიანი, აქედან 600 ათასი კერძო და 270 ათასი სახელმწიფო სექტორში.

ეს ნიშნავს, რომ შენატანის გაკეთება, თეორიულად, ქვეყნის ოთხი მოქალაქიდან მხოლოდ ერთს შეუძლია (უფრო ზუსტად მოსახლეობის 23,5%).

ვისთვის აქვს აზრი დაგროვების დაწყებას?

დაგროვების დაწყებას აზრი აქვს, თუ თქვენ საპენსიო ასაკამდე სულ მცირე 15 წელი დაგრჩათ.

ანუ დღევანდელი 870 ათასი დასაქმებულიდან, თეორიულად დაგროვება შეიძლება დაიწყოს მესამედმა, ანუ 580 ათასმა დაქირავებულმა, რაც მოსახლეობის 16% ანუ დაახლოებით ყოველი მეექვსე მოქალაქეა.

რამდენი დაქირავებული გადაწყვეტს დაგროვებას?

დასაქმებულის საშუალო თვიური ხელფასი ქვეყანაში 978 ლარია. დაქირავებულთა უდიდეს ნაწილს მიმდინარე ხარჯების დაფარვის პრობლემა აქვს, შესაბამისად დაგროვების დაწყება, განსაკუთრებით ისეთი ფორმით, რაც საჭიროების შემთხვევაში დანაზოგის ნებისმიერ მომენტში გამოყენების საშუალებას არ იძლევა, ძნელი წარმოსადგენია.

თუ ოპტიმისტები ვიქნებით, შეგვიძლია დავუშვათ, რომ ნებაყოფლობით დაგროვებას გადაწყვეტს დაქირავებულთა ნახევარი ანუ 290 ათასი დაქირავებული, მოსახლეობის 8% ანუ ყოველი მეთორმეტე მოქალაქე.

დაგროვების რა ფორმას გვთავაზობს „ქართული ოცნება“?

დაგროვების სურვილის შემთხვევაში, დასაქმებული იხდის ხელფასის 2%-ს, მთავრობა უმატებს 2%-ს (რაც ისევ გადასახადის გადამხდელის ხარჯია) და დამქირავებელს ავალდებულებს დაუმატოს 2%.

თუ დაქირავებულისთვის გადაწყვეტილება ნებაყოფლობითია, დამქირავებლისთვის 2%-ს დამატება იძულებითი ღონისძიებაა. აქ ისმის კითხვა, რა შეუშლის ხელს დამქირავებელს შეუმციროს თანამშრომლებს ხელფასი, რათა სახელფასო ხარჯი არსებულ დონეზე შეინარჩუნოს? ამ დილემის გადაწყვეტას „ქართული ოცნება“ ჯერ ვერ გვთავაზობს.

თუ სახელმწიფო იძულების რაიმე მექანიზმს აამოქმედებს, ეს თავისი არსით დამქირავებლისთვის გადასახადების ზრდა იქნება, რასაც საქართველოს კანონმდებლობით, რეფერენდუმი სჭირდება.

დავუშვათ ალბათური სიტუაცია, რომ ყველა წინააღმდეგობა გადალახულია და ვნახოთ, რა ოდენობის პენსიას მიიღებს ყოველი ბედნიერი მეთორმეტე მოქალაქე მოხუცებულობის ასაკში:

1000 ლარიანი საშუალო ხელფასიდან 6%-ის დაგროვების შემთხვევაში, წლიური 3%-იანი სარგებლით (დღეს მსოფლიოში საპენსიო ფონდების მომგებიანობა წლიურ 2.5%-ზეა დასული):

- 15 წლის შემდეგ დაგროვებული პენსია იქნება - 70 ლარი

- 25 წლის შემდეგ - 116 ლარი

- 40 წლის შემდეგ - 186 ლარი.

(განმარტება. დღევანდელი მდგომარეობა. გამოყენებულია დაგროვებული თანხის და შემდეგ თვიურ პენსიად გარდაქმნის მარტივი ფორმულა.

- თვეში 60 ლარი × 12 თვე × 103% × 15 (25,40) წელი ÷ 16 წელი (საპენსიო ასაკში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა) ÷ 12 თვე = დაგროვებული პენსია თვეში)

ეს ციფრი სასაცილოდ გამოიყურება მოხუცებულების დღევანდელი სოციალური დახმარების ფონზეც კი.

რამდენი დაგროვდება საპენსიო ფონდში 4 წლის განმავლობაში?

290 ათასი ადამიანი 4 წელიწადში საპენსიო ფონდში შეიტანს დაახლოებით 830 მილიონ ლარს.

რამდენი სამუშაო ადგილი შეიძლება შეიქმნას 830 მილიონი ლარით?

თუ ვივარაუდებთ, რომ ერთი სამუშაო ადგილის გაჩენას დღეს დაახლოებით 50,000 ლარი სჭირდება, ამ დაგროვილი თანხით შესაძლებელია 16,000 სამუშაო ადგილის შექმნა.

მთავრობა აცხადებს, რომ ფულის ნაწილი რისკების დასაზღვევად საზღვარგარეთ, სანდო ფონდებში განთავსდება, შესაბამისად ფულის ეს ნაწილი გავა საქართველოს ეკონომიკიდან და სამუშაო ადგილები შეიქმნება სხვა ქვეყნებში.

იქნება თუ არა დაგროვებითი საპენსიო რეფორმის განხორციელების შედეგი 16,000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა?

830 მილიონი ლარი, რომელიც შესაძლებელია დაგროვდეს საპენსიო ფონდში, არის ფული, რომელიც მანამდეც იხარჯებოდა ადამიანების მიერ მომსახურებისა და პროდუქტების შესაძენად. თუ ჩვენ ამ მომსახურებასა და პროდუქტებს აღარ ვიყიდით და ფულს ფონდში შევინახავთ, განადგურდება მათ საწარმოებლად საჭირო, უკვე არსებული სამუშაო ადგილები. იგივე გათვლით, ეს იქნება სულ მცირე 16,000 არსებული სამუშაო ადგილი.

უნდა ვენდოთ თუ არა დღევანდელ და მომავალ ოთხ მთავრობას?

არათუ დღევანდელ ქართული ოცნების, არამედ მომავალ 4 სხვადასხვა მთავრობასაც არ მოუწევს მოსახლეობისგან აკრეფილი ფულის პენსიების სახით უკან დაბრუნება. მათ შეუძლიათ დაგროვილი ფულის დიდი ნაწილი ისესხონ და თავიანთ ჭკუაზე ხარჯონ მომავალი 16 წლის განმავლობაში.

„ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტურობა 4 წლის განმავლობაში დადასტურდა საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. თუნდაც დღეს ვინმე ენდობოდეს მთავრობას, რა გარანტია აქვს ქართული ოცნების დღევანდელ მხარდამჭერს, რომ მომავალი მთავრობები ასეთივე „კარგები“ იქნებიან და მათ ფულს ისეთივე რუდუნებით მოუვლიან როგორც ქართული ოცნების მთავრობა?

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმა არის:

1. არაფრის მომცემი დღევანდელი პენსიონერებისა და მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც საპენსიო ასაკს მიაღწევს უახლოესი 16 წლის განმავლობაში;

2. უზომოდ სარისკო „დაგროვების მარათონში“ ჩართვის მსურველთათვის;

3. უპასუხისმგებლობა მთავრობისათვის ხალხის გამომუშავებული ფულის მრავალი წლით მინდობა.

მოვა პენსიის გაცემის დრო და აღმოჩნდება, რომ დაგროვილი თანხა აღარ არსებობს. მთავრობები და პოლიტიკოსები, ვინც დაპირებები გასცა და ეს ფული თავის ჭკუაზე გამოიყენა, არათუ მთავრობაში, შესაძლოა პოლიტიკაშიც აღარ იყვნენ. მოტყუებული პენსიონერები კი მიადგებიან იმ პერიოდის მთავრობას და კვლავ გადასახადის გადამხდელს, ანუ საკუთარ შვილებს მოსთხოვენ საკუთარი სიბრიყვის ფასის გადახდას”, - ნათქვამია ”გირჩის” მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.