საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 1,6%-ით შემცირდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი სექტემბრისათვის 14.6 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 234.8 მლნ ლარით ანუ 1.6 პროცენტით ნაკლებია პირველი აგვისტოსთვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე კლებამ შეადგინა 0.3 პროცენტი).

აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 5.2 მლნ ლარით ანუ 0.1%-ით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ზრდამ შეადგინა 1.5 პროცენტი), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 240.0 მლნ ლარით, ანუ 3.7 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე შემცირდა 2.7 პროცენტით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 31.15 პროცენტი შეადგინა - პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით 0.13 პროცენტული პუნქტით ნაკლები (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.52 პროცენტული პუნქტით ნაკლები).

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.1% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.5%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.3%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.6 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.5 პროცენტი შეადგინა.