არეშფერანში ჩასახლებული ეკომიგრანტები სოფელში არსებულ გადაუჭრელ პრობლემებზე საუბრობენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანში ჩასახლებული ეკომიგრანტები სოფელში არსებულ გადაუჭრელ პრობლემებზე საუბრობენ.

მათი განცხადებით, დაპირებების მიუხედავად პრობლემები არ გვარდება. 70-მდე ეკომიგრანტი ოჯახი დახმარებას ითხოვს.

მოსახლეობის ინფორმაციით, სოფელს შიდასაუბნო გზების, სასმელი და სარწყავი წყლის, ასევე ბუნებრივი აირის პრობლემა აქვთ. მათივე განცხადებით, წლების წინ მთავრობამ დროებით მფლობელობაში საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა, თუმცა უსახსრობის გამო მას ვერ ამუშავებენ.

„აჭარიდან სოფელ არეშფერანში 7 წლის წინ მთავრობის გადაწყვეტილების შედეგად დავსახლდით. ჩვენი საცხოვრებელი სახლი სტიქიამ იმდენად დააზიანა, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელი გახდა. მთავრობამ მოგვცა საცხოვრებელი სახლი და მიწის პატარა ნაკვეთი. უსახსრობის გამო მიწას ვერ ვამუშავებთ. მყავს ერთი შვილი და მეუღლე. ჩვენი მარჩენალი არის ერთი მეწველი ძროხა და ბოსტნეულის მცირე სათბური, სადაც ლობიო და კიტრი მომყავს. როგორც ეკომიგრანტები, არანაირი შეღავათით არ ვსარგებლობთ, არც დახმარება გვაქვს“,- განუცხადა მანანა სურმანიძემ ჟურნალისტებს.