აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე კომერციული ფართების ფასები გაორმაგდა

დავით აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე, კომერციული ფართების გასაქირავებელმა ფასმა, კვადრატულ მეტრზე 15-20 დოლარით მოიმატა.

უძრავი ქონების სააგენტო „რემაქსის“ წარმომადგენლის მაია მეშვილდიშვილის თქმით, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ კომერციულ ფართებში 1 კვადრატული მეტრის გასაქირავებელი ფასი 40-50 დოლარია.

”ეს წარმოუდგენლად მაღალი ფასია. ქუჩის გახსნამდე, დაახლოებით ერთი თვის წინ, კომერციული ფართების ფასი ადეკვატური იყო - 1 კვადრატული მეტრი 25 დოლარად ქირავდებოდა. ვფიქრობ, მესაკუთრეები გარკვეული პერიოდის მერე ფასებს შეამცირებენ. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფასი ბაზრის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ობიექტი 2-3 თვეში დაიკეტება”, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ მაია მეშვილდიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე კომერციულ ფართებზე ძალიან მაღალი მოთხოვნაა, თუმცა ფასის გაგების შემდეგ დაინტერესება ქრება.

”დავუშვათ კვების ობიექტმა 50 კვადრატული მეტრი ფართი იქირავა, მან ამ ადგილში 3 000 დოლარი უნდა გადაიხადოს. ასეთ პირობებში დამქირავებელი ვერ იმუშავეს, რენტაბელური ვერ იქნება. მაშინ ობიექტმა მომსახურების ფასი წარმოუდგენლად უნდა გაზარდოს”, - ამბობს მაია მეშვილდიშვილი.

რაც შეეხება დავით აღმაშენებლის გამზირზე განახლებულ, საფეხმავლო მონაკვეთზე ბინების ყიდვა-გაყიდვას, მაია მეშვილდიშვილის თქმით, ეს პროცესი აბსოლუტურად შეჩერებულია.

თათია ახვლედიანი