კუს ტბის ასახვევიდან ვაკის პარკამდე, ვაკის პარკიდან გიორგი წერეთლის ქუჩის მიმართულებით და გორგასლის ქუჩაზე ე.წ. ,,ბასლეინები’’ (გზის სავალი ნაწილი განკუთვნილი მხოლოდ ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის-”Bus Lane”) დაიხაზა.
როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, საგზაო მონიშვნები ყვითელ ფერში შესრულდა და ზოლში გაკეთდა წარწერები Bus Lane. გზაჯვარედინებსა და ქუჩების შესახვევებში Bus Lane-ები წყვეტილია, რაც კერძო მანქანებსა და ტაქსებს სასურველი მიმართულებით შესვლის უფლებას აძლევს. უშუალოდ Bus Lane-ში მოძრაობა მათთვის აკრძალულია.
მათივე ინფორმაციით, ტრანსპორტის სამსახურმა თბილისში Bus Lane-ის დახაზვა ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით გადაწყვიტა. საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლების გამოყოფით საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტად უსაფრთხოდ და სწრაფად იმოძრავებს.
მათივე ცნობით, Bus Lane-ის დახაზვა აღმაშენებლის გამზირზეც იგეგმება. აზიის განვითარების ფონდის დაფინანსებით, კომპანია „მოტ მაკდონალდი“ თბილისში Bus Lane-ის მოწყობის შესაძლებლობებს იკვლევს. ტრანსპორტის სამსახური საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლების გამოყოფას მთელი ქალაქის მასშტაბით გეგმავს.