მიმდინარე წელს მსოფლიოში საკრედიტო ბარათებით გადახდა ნაღდი ფულით გადახდებს გადააჭარბებს

მსოფლიოს მასშტაბით საკრედიტო და სადებეტო ბარათებით გადახდების მოცულობა მიმდინარე წელს ნაღდი ფულით გადახდებს გადააჭარბებს.

კომპანია Euromonitor International-ის კვლევის თანახმად, 2016 წელს საკრედიტო და სადებეტო ბარათებით გადახდების მოცულობა 23,2 ტრილიონ დოლარს შეადგენს, ნაღდი ფულით გადახდები კი 22,6 ტრილიონ დოლარს.

კვლევის მიხედვით, საბანკო ბარათებით გადახდების მოცულობა ძირითადად აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონშია გაზრდილი, სადაც 2016 წელს ექსპერტთა პროგნოზით, მსგავსი ოპერაციების მოცულობა 1,7 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს.

სპეციალისტთა განცხადებით, გადახდების გაციფრულება სახელმწიფოებს ხარჯების შემცირებაში შეუწყობს ხელს, მათ შორის ნაღდი ფულის ბეჭდვის ხარჯების დაზოგვაში.

თუმცა, ამის პარალელურად, მომხმარებელთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ საბანკო ბარათებით გადახდის შემთხვევაში, ბანკებსა და ხელისუფლებას წვდომა ექნება მოსახლეობის ხარჯებზე და მათ საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს. მომხმარებლის ნაწილი ასევე ფიქრობს, რომ გაიზრდება კიბერდანაშაული.