ეროვნული ბანკი - კურსის მერყეობა გამოწვეულია მხოლოდ დროებითი ფაქტორებით

ამ ეტაპზე ეროვნულ ვალუტაზე საგარეო შოკის გავლენა ამოწურულია და კურსის მერყეობა გამოწვეულია მხოლოდ დროებითი ფაქტორებით - რამდენიმე მსხვილი ტრანზაქციით, რასაც თან ერთვის წინასაარჩევნო მოლოდინები,- ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის სტრატეგია, მათ შორის სავალუტო პოლიტიკის ნაწილში, 2013 წლიდან განთავსებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

”როგორც სტრატეგიაშია აღნიშნული, საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, ხოლო ეროვნული ბანკის ინტერვენციების ერთ-ერთი მიზანი გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობების შემცირებაა.

შესაბამისად, როდესაც ცალკეული მსხვილი ნაკადები პოტენციურად იწვევენ კურსის გადაჭარბებულ მერყეობას, და თუ ფუნდამენტური ფაქტორები იძლევა ამის შესაძლებლობას, ეროვნული ბანკი ინტერვენციებით ცდილობს მის შერბილებას.

ამ ეტაპზე ეროვნულ ვალუტაზე საგარეო შოკის გავლენა ამოწურულია და კურსის მერყეობა გამოწვეულია მხოლოდ დროებითი ფაქტორებით - რამდენიმე მსხვილი ტრანზაქციით, რასაც თან ერთვის წინასაარჩევნო მოლოდინები. სწორედ ამ მოკლევადიანი მერყეობების შესარბილებლად განხორციელდა ბოლო ინტერვენციები. მსგავსი ჩარევები ეროვნულ ბანკს ადრეც განუხორციელებია და, ბუნებრივია, მომავალშიც განახორციელებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი ჩაერევა ნებისმიერი მერყეობის დროს”, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.