ბაღდათში ინოვაციების ახალი ცენტრი გაიხსნება

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბიბლიოთეკის ბაზაზე ინოვაციების ახალი ცენტრი გაიხსნება. როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში განაცხადეს, ახალი ცენტრი ადგილობრივი გამგეობის დახმარებით იხსნება.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ინოვაციების ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქნება მაქსიმალურად ყველა ის სერვისი, რაც თბილისის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოშია. ჩატარდება პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობისა და სხვადასხვა ბიზნესმიმართულებების ტრენინგები. ამას გარდა, აქცენტი გაკეთდება დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიაზე, ტექნოპარკის ყველა ღონისძიება პირდაპირი ეთერით ინოვაციის ცენტრებში გადაიცემა, შესაბამისად, მსურველებს საშუალება ექნებათ ვირტუალურად დაესწრონ ყველა ღონისძიებას, დასვან კითხვები და მაქსიმალურად ჩაერთონ პროცესში. ასევე თბილისიდან, დისტანციურად ჩატარდება ტრენინგები, რომელსაც სპეციალურად მოწვეული გამოცდილი და პროფესიონალი ტრენერები ჩაატარებენ. ტრენინგებში ჩაერთვება თბილისში არსებული ლაბორატორიები: ჯეოლაბი, სიჯი მულტილაბი, გეიმ ლაბი და ფაბლაბები. საწყის ეტაპზე აქცენტი გაკეთდება ზოგადად მეწარმეობაზე, სტარტაპების შექმნასა და ფორმირებაზე.

რეგიონებში ინოვაციების ცენტრების გახსნის მიზანია, დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო კომპანიებსა თუ ადგილობრივ მთავრობას, მიიღონ ცოდნა როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით.