სოფელ ზვარესთან, რკინიგზის გვირაბის სამშენებლო მონაკვეთზე მომუშავე პერსონალი აქციას გამართავს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით დღეს, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარესთან, რკინიგზის გვირაბის სამშენებლო მონაკვეთზე მომუშავე პერსონალი აქციას გამართავს.

როგორც პროფკავშირებში განაცხადეს, მომუშავე პერსონალი იმ ჩინურ კომპანიას უჩივის, რომელიც გზის ამ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. მუშების განცხადებით, მათ არაადამიანურ პირობებში უწევთ შრომა, ამასთან, ჩინური კომპანია მშენებლობის პროცესში გარემოს აბინძურებს.

,,პროფკავშირებმა რამდენჯერმე სცადა მოლაპარაკება მუშებსა და ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს შორის, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ პროფკავშირების გაერთიანება იძულებული გახდა პროტესტის რადიკალური ფორმისთვის მიემართა და ჩინური კომპანიის წინააღმდეგ, არაადამიანური მოპყრობის და შრომის კოდექსის არაერთგზის დარღვევის გამო, სარჩელი პროკურატურაშიც შეეტანა”, - აცხადებენ პროფკავშირები.