დიმიტრი ქუმსიშვილი -  საარჩევნო პერიოდში 11%-ით მეტი ინვესტიცია შემოვიდა

თამამად ვიტყვი, რომ 2016 წელს ჩვენი ქვეყანა გაცილებით უფრო მიმზიდველია, ვიდრე ეს იყო 2012 წელს , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გლობალურ კონკურენტუნარიანობის ინდექსზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი, ეს არის ინდექსი, რომელიც სრულად და კომპლექსურად ასახავს, თუ რამდენად მიმზიდველია და რამდენად კონკურენტუნარიანია ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე.

“ეს არ არის რეგიონი, ეს არ არის ჩაკეტილი წრე, არამედ ეს არის კონკურენტუნარიანობა მსოფლიო ასპარეზზე. 2012 წლის შემდეგ 29 პოზიციით გავიუმჯობესეთ ადგილი ამ ინდექსში, რაც, რა თქმა უნდა, არის დიდი მიღწევა. ეს მიღწევა უკვე დადასტურებულია იმ ინვესტიციებით, რომელიც ჩვენ გვქონდა 2016 წლის პირველ ორ კვარტალში. მოგეხსენებათ, რომ 11%-ით მეტი ინვესტიცია შემოვიდა საარჩევნო პერიოდში, რაც ამის კიდევ ერთი დასტურია”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016-2017 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველომ 4,32 ქულით 59-ე ადგილი დაიკავა. ამგვარად, შარშანდელთან შედარებით საქართველომ პოზიციები 7 ადგილით გააუმჯობესა.