რა ქონებას ფლობს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი?

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის 2016 წლის 15 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, პრემიერის საკუთრებაშია 3 საცხოვრებელი ფართი და მიმდინარე ანგარიშზე არსებული 902 დოლარი და 39 ლარი.

პრემიერის შემოსავალმა 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე (2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის სექტემბრამდე) 50 000 ლარი შეადგინა.

საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე კი (2015 წლის სექტემბრიდან - 2015 წლის დეკემბრამდე) მისი წლიური შემოსავალი 24 021.72 ლარი იყო.

პრემიერის შვილის ანა კვირიკაშვილის წლიურმა შემოსავალმა სარეკლამო სტუდია „მეტროგრაფში“ გრაფიკულ დიზაინერად მუშაობისას 8 400 ლარი შეადგინა.

უძრავი ქონების სახით, გიორგი კვირიკაშვილის სახელზე რეგისტრირებულია - 34 კვ. მეტრი ფართობის ბინა თბილისში, სამგორის რაიონში; 190 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი თბილისში, ზოვრეთის ქუჩაზე; ამავე მისამართზე არსებული 432 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი; 250 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი დუშეთში, სოფელი ქვეშეთში და ამავე მისამართზე 3 450 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში მის სახელფასო ანგარიშზე "ქართუ" ბანკში 2 062.00 ლარი იყო; ,,თი-ბი-სი" ბანკის საკრედიტო ანგარიშზე 725.00 დოლარი; ბანკი "ქართუს" მიმდინარე ანგარიშზე 902.00 დოლარი და 39.00 GEL ლარი გარდა ამისა, მას ნაღდი ფულის სახით 45 000 ლარი ჰქონდა.

მისი მეუღლის მაია ცინაძის „ქართუ ბანკში“ მიმდინარე ანგარიში კი 315 ლარია.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიორგი კვირიკაშვილის სახელზე ორი იპოთეკური სესხია.

120 000.00-დოლარიანი იპოთეკური სესხი კვირიკაშვილს 2012 წლის 1 ნოემბერს აქვს აღებული და მისი პროცენტის დასაფარად ბანკ "ქართუს" 109 482.00 დოლარი გადაუხადა. რაც შეეხება 173500.00-დოლარიან იპოთეკურ სესხს, კვირიკაშვილმა ის "ქართუდან" 9 ივლისს აიღო და გადახდის ვადა 2030 წელს ეწურება. პროცენტის გადასახდელად კი, გასულ წელს 8 545.00 დოლარი გადაიხადა.

პრემიერის მეუღლის მაია ცინაძის სახელზე კი 118 800 დოლარად ნასყიდობის ხელშეკრულებაა გაფორმებული.

დეკლარაციაში პრემიერის გასავლად მითითებულია სწავლის საფასური, რომელმაც 3042.50 ლარი შეადგინა. გიორგი კვირიკაშვილის ვაჟის, ნიკოლოზ კვირიკაშვილის სახელზეა - 3 000 ლარიანი წლიური გასავალი სწავლის საფასურის სახით და გოგონას,  ნინო კვირიკაშვილის წლიური სწავლის საფასური - 3 000 ლარის ოდენობით.

თაია არდოტელი