გაფიცული მუშები რკინიგზის დეპარტამენტთან შიმშილობის აქციის დაწყებას გეგმავენ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტ სოფელ ზვარეში გაფიცული 40 მუშა დღეს თბილისში რკინიგზის დეპარტამენტთან შიმშილობის აქციის დაწყებას გეგმავს.

წუხელ დამსაქმებელ კომპანიასა და ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორს შორის გამართულმა შეხვედრამ შედეგი ვერ გამოიღო. გაფიცული მუშები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და უსაფრთხოების წესების დაცვას ითხოვენ, თუმცა ჩინური კომპანია გაფიცულ მუშებთან დათმობაზე ჯერჯერობით არ მიდის.

მუშების ინფორმაციით, დღესვე სოფელ ქვიშხეთში ჩინური კომპანიის საწარმოს 60-მდე მუშა გაიფიცა.

სოფელ ზვარეში საქართველოს რკინიგზის დაკვეთით ჩინური რკინიგზის 23-ე ბიურო წყვილლიანდაგიანი სარკინიგზო ლიანდაგისა და გვირაბის მშენებლობას აწარმოებს.

უკვე მე-12 დღეა ზვარეში ჩინურ კომპანიაში დასაქმებული ქართველი მუშები მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქციას მართავენ.