ნარეკვავი-მცხეთის გზაზე ახალი ხიდი შენდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის მე-2 კმ-ზე, ახალ სახიდე გადასასვლელს აშენებს.

ხიდზე მიმდინარე სამუშაოები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გივი ჩოჩიამ დაათვალიერა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხიდი კომპანია british petroleum-ის მფლობელობაში არსებულ დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენს კვეთს, რის გამოც პროექტი განსაკუთრებული სიფრთხილით ხორციელდება.

”პროექტის ფარგლებში, არსებული სწორკუთხა მილ-ხიდის ნაცვლად, ახალი სახიდე გადასასვლელი მოეწყობა. ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზა მცხეთაში გადის და ქალაქის ძირითად სატრანსპორტო არტერიას წარმოადგენს. ახალი სახიდე გადასასვლელი, უზრუნველყოფს ამ მონაკვეთზე მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას”, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 569 000 ლარია. პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება.