ბათუმი ევროპის კულტურის პარლამენტის გასვლით სხდომას მასპინძლობს

ბათუმი ევროპის კულტურის პარლამენტის გასვლით სხდომას მასპინძლობს. აჭარის მთავრობისა და ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 15-ე საიუბილეო გასვლითი სესიის ფარგლებში, რეგიონს 40 ქვეყნის 80-მდე დელეგატი სტუმრობს.

ევროპის კულტურის პარლამენტი (ECP) 2001 წლის ნოემბერში, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შენობაში დაარსდა.

”მიზანი იყო და არის, ხელი შეუწყოს სხვადასხვა კულტურულ თუ შემოქმედებით იდეებსა და ინიციატივებს ევროპაში, გააძლიეროს ეთიკური და ესთეტიური ღირებულებები. ევროპის კულტურის პარლამენტს სურს დამოუკიდებელი ხელოვანებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების წახალისება, მათი შეხედულებების მოსმენა, რათა დაბალანსდეს ტექნოკრატიის ძლიერი ზეგავლენა ევროპული ინტეგრაციის პროცესში. გარდა ამისა, ევროპის კულტურის პარლამენტის დამფუძნებლებს სურდათ, გაეღრმავებინათ თანამშრომლობა და დიალოგი აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის მოქალაქეებს შორის ხელოვნების სხვადასხვა სფეროში, ლიტერატურასა და ფილოსოფიაში. ამ მიზნით, ცნობილი ხელოვანები და კულტურის სფეროში მოღვაწე სხვა პირები, კონტინენტის ყველა კუთხიდან არჩეული იქნენ დელეგატებად - ევროპის კულტურული პარლამენტის წევრებად. 2016 წლის ზაფხულიდან ECP -ში 43 ქვეყნის 160 წევრია გაერთიანებული”, - აღნიშნულია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროპის კულტურის პარლამენტის მე-15 სხდომის ძირითადი თემაა: ”გავრცელდება თუ არა ევროპული ღირებულებები მთელ ევროპაში” (Will European Values prevail all over Europe?).

სესიებზე აქცენტები გაკეთდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ინტეგრაცია, ემიგრაცია, ინტერკულტურული მგრძნობელობა, ევროკავშირის ”კულტურული მეზობლობა“, ტერორიზმი და ექსტრემიზმი.

ევროპის კულტურის პარლამენტის სხდომის ფარგლებში ბათუმში გაიმართება თემატური ვორკშოფები: ”ხელოვანი, როგორც ცვლილებების ფასილიტატორი“, ”ტრანსატლანტიკური დიალოგი“.

სხდომის დასკვნითი დებატების შემდეგ, მიიღებენ დეკლარაციას და რეზოლუციას.

ევროპის კულტურის პარლამენტის გასვლითი სხდომა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის უშუალო მხარდაჭერით და ინიციატივით ხორციელდება.

საქართველოში გასვლითი სხდომის თანაორგანიზატორია ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდი ”კავკასია”.

პროექტის აქტიური პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: - აჭარის მთავრობა, ტურიზმის დეპარტამენტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფეტვიაშვილის არტ გალერეა ბათუმში და ღვინის კომპანია გიუაანი.

პარლამენტის სხდომებს ბათუმის "ინტურისტ პალასი" უმასპინძლებს.