იტალიაში ვან გოგის მოპარული ნახატები აღმოაჩინეს

ამსტერდამის მუზეუმიდან 2002 წელს გაუჩინარებული ვინსენტ ვან გოგის ნახატები იტალიაში აღმოაჩინეს.

როგორც მუზეუმის ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი, საუბარია 1882 წელს შესრულებულ ტილოზე „ზღვა სხევინეგენში“ და 1884-85 წლებით დათარიღებულ ნახატზე „ეკლესია ნიუენენში“, რომლებიც 14 წლის წინ, მუზეუმის შენობიდან მოიპარეს.

"ბიბისის" ცნობით, ორივე ტილო 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

ნახატები იტალიელმა სამართალდამცველებმა მრავალწლიანი გამოძიების შედეგად იპოვეს. პოლიციაში ვარაუდობენ, რომ ქურდობის ფაქტი იტალიური მაფიის წევრების მიერ იყო ორგანიზებული.

ვინსენტ ვან გოგის ნახატების ღირებულება მილიონობით ევროს აღემატება. ჯერჯერობით უცნობია, როდის გახდება შესაძლებელი ნახატების ამსტერდამის მუზეუმში დაბრუნება.

სპეციალისტების ცნობით, გამოსახულებას მცირე დაზიანებები აღენიშნება, თუმცა ორივე ტილო კარგ მდგომარეობაშია.