2017 წლის ბიუჯეტის პროექტით, ყველაზე მეტ დაფინანსებას ჯანდაცვის, რეგიონული განვითარების და განათლების სამინისტროები მიიღებენ

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, მომავალ წელს ყველაზე მეტ დაფინანსებას ჯანდაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები მიიღებენ.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის პირველი ვარიანტი პარლამენტში უკვე შესულია, რომლის თანახმადაც, უწყებებს შორის ყველაზე მეტ დაფინანსებას კვლავ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიიღებს. მომავალ წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი 3 მლრდ 330 მლნ ლარი იქნება. მათ შორის, გაზრდილია მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი თანხა. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის განსაზღვრულია 1 მლრდ 665 მლნ ლარი, რაც 2016 წელთან შედარებით 95 მილიონი ლარითაა გაზრდილი.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 1 მლრდ 86 მლნ ლარამდე იზრდება. მაშინ როცა 2016 წელს აღნიშნული უწყების ბიუჯეტი 950 მილიონ ლარს შეადგენდა. კერძოდ, იზრდება თანხები საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, მათ შორის გზების და ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე და ა.შ.

მომავალ წელს იზრდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება. 2017 წელს მისი ბიუჯეტი 1 მილიარდ 25 მილიონი ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ზოგადი განათლების დასაფინანსებლად გამოყოფილია 609 მლნ ლარი, რაც ითვალისწინებს სკოლის პედაგოგთა გაზრდილი ხელფასების დაფინანსებას, ასევე მაღალმთიან რეგიონებში მომუშავე პედაგოგებისთვის გათვალისწინებული დანამატების დასაფინანსებლად საჭირო ხარჯებს.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, იზრდება თავდაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროების დაფინანსება. როგორც ბიუჯეტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტში 19.7 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული პროგრამისთვის „აწარმოე საქართველოში“.