თურქეთის მხარეს სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის სარეკონსტრუქციო სამუშაოები იწყება

თურქეთის მხარეს სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის სარეკონსტრუქციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება , - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრ ბიულენთ თუფენქჯისთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნოდარ ხადურმა გამართულ შეხვედრას საინტერესო და საქმიანი უწოდა. მისი თქმით, ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან სფეროში, როგორიცაა საბაჟო საქმე, მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისადმი. გარდა ამისა, როგორც ხადურმა აღნიშნა, გარკვეულ ფენებზე, რომელიც ითვალისწინებს ორ უწყებას შორის თანამშრომლობას, ხელი მოეწერა მემორანდუმს.

"დღეისთვის საქართველო-თურქეთის სახმელეთო საზღვარზე მუშაობს 3 საბაჟო გამშვები პუნქტი. ჩვენ შეთანხმებულები ვართ, რომ სამივეზე ერთობლივი მართვა გვექნება. ინფორმაციას გავცვლით ელექტრონულად, რაც დააჩქარებს ტრანზიტს და ამას საქართველოსთვის აქვს დიდი მნიშვნელობა", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისივე თქმით, ამოქმედდება ავტორიზებული ოპერატორის ინსტიტუტი ორ ქვეყანას შორის.

"სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, რომელიც ყველაზე დატვირთულია საქართველო-თურქეთის სახმელეთო საზღვარზე, დაიწყება რეკონსტრუქცია. მე ვნახე პროექტი. რეალურად ახალი საბაჟო გამშვები პუნქტის თურქეთის მხარეს ძალიან საინტერესო პროექტია. იმედი მაქვს, რომ სამუშაოები რეალურად მალე დაიწყება და გამარტივდება დატვირთულ საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოძრაობა", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

თავის მხრივ, თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის დროს გამოჩენილი სოლიდარობისადმი და აღნიშნა, რომ ამას თურქი ხალხისთვის ქონდა დიდი მნიშვნელობა. მისივე თქმით, საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება და არსებობს შესაძლებლობა, რომ განვითარდეს ასევე ეკონომიკური ურთიერთობები და შესაძლებელია, რომ გაიზარდოს სავაჭრო ბრუნვა და უფრო მაღალ დონეზე ავიდეს.

მისივე თქმით, საქართველოს თურქეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ტრანზიტული თვალსაზრისითაც. საქართველო არის ტრანზიტური კორიდორი, როდესაც თურქეთი ექსპორტს აწარმოებს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ გზის უდიდესი ნაწილი სწორედ საქართველოზე მოდის.

როგორც თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრმა აღნიშნა, დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება სარფის საბაჟო პუნქტის მოდერნიზება და განახლება. გამოცხადებული იყო ტენდერი, რომელიც უკვე დასრულდა და მალე დაიწყება მშენებლობა. ის ასევე შეეხო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტს და განაცხადა, რომ მისი განხორციელება ხელს შეუწყობს "აბრეშუმის გზის" პროექტის განახლებას, რაც მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული სხვა ქვეყნებისთვისაც. მისივე თქმით, სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით, არსებობდა გარკვეული პრობლემები თურქეთში სამართლებრივი პროცედურების თვალსაზრისით, მაგრამ მინისტრმა აღნიშნა, რომ შეეცდებიან ეს პრობლემები მალე მოგვარდეს და უკვე 2016 წლის ბოლოს, 2017 წლის დასაწყისში აღნიშნული მაგისტრალის თურქეთის მხარეზე ჩასატარებელი სამუშაოები დასრულებული უნდა იყოს. გარდა ამისა, მისივე თქმით, შეხვედრის დროს ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ფარგლებში სამოქმედო გეგმის ოქმს და ასევე დეკლარაციას ორი ქვეყნის საბაჟო უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის შესახებ.