ბათუმში სპორტის სასახლე შენდება

ბათუმში ორდარბაზიანი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება. როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური იუწყება, დღეს საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. კაფსულა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან, ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან და მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად ჩაუშვა.

”სპორტული კომპლექსი სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის იქნება განკუთვნილი და ხელს შეუწყობს, როგორც პროფესიული სპორტის, ასევე მასობრივი სპორტის განვითარებას რეგიონში”, - აცხადებენ პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, სპორტის სასახლის დიდი დარბაზი 2 500, ხოლო პატარა დარბაზი 600 სტუმარზეა გათვლილი. დღესვე, მშენებლობის ადგილზე გაფორმდა ხელშეკრულება მშენებელ კომპანიასა და სამინისტროს შორის.

პროექტი „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის" ფარგლებში ხორციელდება და 2016-2017 წლებში საქართველოში სამი მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობას ითვალისწინებს.

პირველ ეტაპზე, სპორტის სასახლეები აშენდება თელავში, ბათუმსა და გორში. პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 33 850 000 აშშ დოლარია, ხოლო სრული პროგრამის ღირებულება მეორე ეტაპის ჩათვლით 54 350 000 დოლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს კანადური კომპანია „ბეჰლენ ინდუსტრი“ გაუძღვება.

სპორტული კომპლექსის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დაიწყება და 2017 წლის ზაფხულში დასრულდება.