ბილ გეითსის ქონება 81 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

ამერიკულმა გამოცემა „ფორბსმა“ აშშ-ის 400 ყველაზე მდიდარი ადამიანის რეიტინგი გამოაქვეყნა.

რეიტინგის თანახმად, ზედიზედ 23-ე წელია „მაიკროსოფტის“ თანადამფუძნებელი ბილ გეითსი აშშ-ის ყველაზე მდიდარ ადამიანად დასახელდა. „ფორბსის“ მონაცემებით, მილიარდერის ქონება 81 მილიარდი დოლარია.

მეორე პოზიციაზე „ამაზონის“ აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსია, რომლის ქონება 67 მილიარდი დოლარია, მესამეზე კი უორენ ბაფეტი 65,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონებით. აღსანიშნავია, რომ ბაფეტი 15 წლის განმავლობაში პირველად დაქვეითდა მესამე პოზიციაზე.

პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ მარკ ცუკერბერგი 55,5 მილიარდი დოლარის ქონებით და „ორაკლის“ დამფუძნებელი ლარი ელისონი 49,3 მილიარდი დოლარით.

„ფორბსის“ ინფორმაციით, აშშ-ის ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონებამ საერთო ჯამში წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. საერთო ჯამში, ამერიკის 400 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება 2,4 ტრილიონი დოლარია.

აღსანიშნავია, რომ 400 მილიარდერიდან ბევრი აშშ-ში ჩასული ემიგრანტია. ემიგრანტებს შორის ყველაზე მდიდარი რუსეთიდან ამერიკაში გადაბარგებული, „გუგლის“ თანადამფუძნებელი სერგეი ბრინია, რომლის ქონება 37,5 მილიარდი დოლარია.

„ფორბსის“ ცნობით, 400 მილიარდერიდან 42 ადამიანი თავის დროზე აშშ-ში მსოფლიოს 21 ქვეყნიდან ჩავიდა, მათ შორის 6 - ისრაელიდან, 5 - ინდოეთიდან, 4-4 უნგრეთიდან და ტაივანიდან.

რეიტინგში მოსახვედრად მილიარდერის ქონება სულ მცირე 1,7 მილიარდი დოლარი უნდა ყოფილიყო.