საქართველოში თანამედროვე სტანდარტების მეტროს ვაგონები და ელექტრომატარებლები დამზადდება

საქართველოს რკინიგზასა და ქართულ-ჩინურ კომპანიას შორის წინარე ხელშეკრულებას გუშინ მოეწერა ხელი. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ხელშეკრულება გაფორმდა მაღალი სიმძლავრის თანამედროვე ასინქრონული ძრავით აღჭურვილი 28 ერთეული სატვირთო ელმავლის შეძენის თაობაზე, რაც ამავდროულად საქართველოში თანამედროვე სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის ქარხნის მშენებლობის წინაპირობაა. თბილისში ერთობლივი ქართულ-ჩინური ქარხანა აშენდება სადაც წარმოებული იქნება თანამედროვე სტანდარტების სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის პროდუქცია. ერთობლივი საწარმო დაფუძნებული იქნება ჩინური მხრიდან CRRC ZELC-ის, ხოლო ქართული მხრიდან BMI Partners da AS Group 1990 მიერ. როგორც საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ეს არის წინარე ხელშეკრულება, რომელშიც უნდა მოხდეს კომერციული ინფორმაციის და ტექნიკური მონაცემების დაზუსტება. მისივე თქმით, ჩინური კომპანიის შემოსვლა გააძლიერებს საქართველოს საექსპორტო პოტენციალს. ქარხანა საშუალებას იძლევა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოებულ იქნას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ელმავლები და სხვა ტიპის სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობა. მათ შორის მეტროს ვაგონები, ელექტრომატარებლები და სხვა სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის პროდუქცია. მშენებლობის პროცესში 600-მდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო დასრულების შემდეგ ქარხანაში არანაკლებ 300 კვალიფიციური სპეციალისტი იმუშავებს, რომელთა გადამზადებასაც უშუალოდ CRRC ZELC უზრუნველყოფს. პროექტი ირიბად დაახლოებით 3750 ადამიანს დაასაქმებს.

“მსგავსი მასშტაბის პროექტების განხორციელებისთვის უმნიშვნელოვანესია ძლიერი სტრატეგიული პარტნიორების მონაწილეობა. სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის წარმოების მსოფლიო ბაზარზე ოთხი ძირითადი მოთამაშეა. ესენია: გერმანული simensi, ფრანგული Alstom-ი კანადური Bombardier, ამერიკული GE და ჩინური CRRC ZELC. მათ შორის უმსხვილესი CRRC ZELC -ია, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია”, - აცხადებს კომპანია BMI Partners-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვახტანგ ბურკიაშვილი.

კომპანია ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც. მათ შორის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ირანის, თურქეთის, ევროპის ბაზარზე და ა. შ. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ელმავლების წარმოება საქართველოს რკინიგზის სალოკომოტივო პარკის განახლების და მოდერნიზაციის შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც თავის მხრივ ტვირთბრუნვის სისწრაფეს გაზრდის ნაკლები დანახარჯის პირობებში. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ჩინეთთან ურთიერთობების დინამიკა არის ძალიან მზარდი. ”ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი ჩინეთის უმსხვილეს კომპანიას CRRC და საქართველოს რკინიგზას შორის. ეს კომპანია არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი სარკინიგზო შემადგენლობის. საუბარია ხანგრძლივ თანამშრომლობაზე, რათა არამხოლოდ შესყიდვა მოხდეს სარკინიგზო შემადგენლობის, არამედ ლოკალიზაციაც, ანუ წარმოების დიდი ნაწილი საქართველოში იქნება გაწეული. ანუ საქართველოში მოხდება ახალი საწარმოო პოტენციალის განვითარება. ეს იქნება არამხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის, არამედ რეგიონული დანიშნულების საწარმო, რომელიც რეგიონულ ბაზრებზე ექსპორტის მიმართულებითაც იმუშავებს”, - განაცხადა პრემიერმა.

(R)