კომპანია „გლობალ სელი“ ტურისტებს სპეციალური სერვისებითა და პირობებით, უფასოდ სიმ-ბარათს გადასცემს

კომპანია „გლობალ სელი“ საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს სპეციალური სერვისებითა და პირობებით, უფასოდ სიმ-ბარათს გადასცემს , - აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და კომპანია ,,გლობალ სელის’’ დამფუძნებელმა გიორგი ზვიადაძემ მოაწერეს ხელი.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, მემორანდუმის მიზანია საქართველოში ჩამოსული ტურისტების უსასყიდლო და განსაკუთრებული პირობებით მომსახურება სხვადასხვა ტიპის ინოვაციური სერვისებისა და პროდუქტების მეშვეობით.

როგორც კომპანია ,,გლობალ სელის“ დამფუძნებლმა გიორგი ზვიადაძემ განაცხადა, ,,გლობალ სელი’’ ტურისტებს სპეციალურ შეთავაზებას უკეთებს, კერძოდ, საქართველოში ჩამოსულ უცხოელ სტუმრებს უფასოდ/უსასყიდლოდ გადაეცემათ სპეციალური სიმ-ბარათი, რომლითაც ისინი შეძლებენ 3 დღის განმავლობაში - უფასოდ და ულიმიტოდ ისარგებლონ Facebook /Massanger/, Whatsapp და Viber-ის ჩატით; უფასოდ დარეკონ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცხელი ხაზის ნომერზე; უფასოდ დარეკონ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის ცხელი ხაზის ნომერზე.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სიმ-ბარათში არსებული აპლიკაციის საშუალებით, უცხოელი სტუმრები შეძლებენ სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის გაცნობას და სურვილის შემთხვევაში, მათ შეძენას (ფასდაკლების მიღებას ამა თუ იმ ნივთის/მომსახურების მისაღებად).

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ტურიზმის ინდუსტრიას ეკონომიკის განვითარებაში უდიდესი ადგილი უჭირავს, ყოველთვიურად უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა საგრძნობლად იზრდება, 2016 წლის 9 თვის მონაცემებით, ტურისტთა რაოდენობა 19,5 % -ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 8,6 % ით გაიზარდა. მისივე თქმით, ადმინისტრაცია მიესალმება და მხარს უჭერს ნებისმიერ პროექტს, რომელიც უცხოელი ტურისტებისთვის უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს შექმნის.

კომპანია ,,გლობალ სელის“ დამფუძნებლის გიორგი ზვიადაძის განცხადებით კი, ეს ერთობლივი თანამშრომლობა მცირედით მაინც შეუწყობს ხელს ტურიზმის სფეროს პოპულარიზებას და რაც ყველაზე მთავარია, გაიზრდება უცხოელი ტურისტების კმაყოფილების ხარისხი საქართველოში მიღებული სერვისებისა და მომსახურების მიმართ.