კუს ტბაზე განახლებული საბაგირო დღეიდან დაიწყებს მოძრაობას

კუს ტბასთან დამაკავშირებელი საბაგირო გზა დღეს, 6 ოქტომბერს გაიხსნება.

როგორც თბილისის ტრანსპორტის კომპანიის წარმომადგენელმა ლელა სეთურიძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ქალაქის მოსახლეობასა და მის სტუმრებს ორი გარემონტებული გონდოლა მოემსახურება.

მისივე თქმით, გონდოლებს ძველი იერსახე შეუნარჩუნდათ, რადგან კუს ტბის საბაგიროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

საბაგირო დღის განმავლობაში 3 000-მდე მგზავრს გადაიყვანს. თითო გონდოლით 10-12 ადამიანის გადაყვანა იქნება შესაძლებელი. ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბაზე ასვლისთვის საბაგიროს 5-6 წუთი დასჭირდება.

გონდოლები ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის. მომხმარებელს ასევე შეეძლება ველოსიპედის საკიდი ორი მოწყობილობით ისარგებლოს.

ლელა სეთურიძის განცხადებით, მგზავრობა 1 ლარი ეღირება და მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება საფასური მეტრომანის სტანდატული ბარათით გადაიხადოს.

როგორც ტრანსპორტის კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, საბაგირო გზაზე მთლიანად შეცვლილია გამწევი ბაგირი. გონდოლების გადაადგილებას შვეიცარიული მართვის პულტი უზრუნველყოფს. უსაფრთოების ზომები კი ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.

კუს ტბის განახლებული საბაგირო გზის რეაბილიტაციისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 100 000 ლარი გამოიყო. თბილისის კუს ტბის საბაგირო გზა 1965 წელს აშენდა. საბაგირო 2009 წლიდან არ ფუნქციონირებდა.

თათია ახვლედიანი