რა რისკები ახლავს მეორადი ავტომობილის შეძენას?

„დაზარალებული ყველაზე ხშირად მანქანის ახალი მეპატრონეა“

საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მეორადი ავტომობილის შეძენას ერთი მიზეზის გამო ამჯობინებს - ასეთი ავტომობილი ახალთან შედარებით იაფი ღირს. ბუნებრივია, მეორადი ავტომობილის შეძენისას მყიდველი ცდილობს შედარებით ახალი და კარგად შენახული მანქანა შეარჩიოს, მაგრამ ამას ბევრი ვერ ახერხებს. რა უნდა ვიცოდეთ ავტომობილის ყიდვისას, რომ მოტყუებული არ დავრჩეთ? - ეს შეკითხვა ადვოკატ ირაკლი უტიაშვილს დავუსვით, რომელიც ჩვენს მკითხველს რამდენიმე სასარგებლო რჩევას აძლევს.

ირაკლი უტიაშვილი: სამწუხაროდ, ასეთი გაუგებრობები ხშირად ხდება, ადვოკატებსაც გვიწევს შეხება ისტორიებთან, როდესაც დაზარალებული კეთილსინდისიერი გადამხდელი ანუ ავტომობილის ახალი მეპატრონეა. როდესაც ადამიანი მეორადი ავტომობილის ყიდვას გადაწყვეტს, ძალიან ბევრი ნიუანსი უნდა გაითვალისწინოს. პირველ რიგში, კლიენტმა საფუძვლიანად უნდა შეამოწმოს ავტომანქანა, გადაამოწმოს მისი დოკუმენტაცია და დარწმუნდეს, რომ მის მესაკუთრეს ვიდეოჯარიმები არა აქვს დარიცხული. თუ ავტომობილის ყოფილ მფლობელს ჯარიმა არა აქვს გადახდილი, მაშინ მისი გადახდა ახალ მფლობელს მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამის ორგანოებს სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის უფლება აქვთ.

- ბატონო ირაკლი, ხომ შეიძლება ახალმა მფლობელმა სასამართლოს მიმართოს და თავი იმართლოს?

- რა თქმა უნდა, დაზარალებულ მყიდველს შეუძლია სასამართლოს მიმართოს იმის დასამტკიცებლად, რომ ჯარიმები მას არ ეკუთვნის, მაგრამ ამის დამტკიცებას ზოგჯერ თვეები სჭირდება. სასამართლო განხილვა და პროცედურებიც ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ამის გამო მათი უმრავლესობა ჯარიმას თვითონ იხდის, რადგან ადვოკატის დაქირავებას და სასამართლოში დავას თავს არიდებს. ზოგიერთ მათგანს საკმაო თანხის გადახდა უწევს იმის გამო, რომ ძველ მესაკუთრეს ბანკის, ან სულაც კერძო პირის ვალი ჰქონდა. ამ დროს შეიძლება ბანკმა (ან ფიზიკურმა პირმა) სარჩელი შეიტანოს ავტომობილის მესაკუთრის სახელზე, ამოიღოს ავტომანქანის მონაცემები და მას ყადაღა დაადოს. საბოლოოდ კი, დავალიანების გადახდა ახალ მეპატრონეს მოუწიოს. არის შემთხვევები, როდესაც სატრანსპორტო საშუალება ლომბარდშია ჩადებული. მესაკუთრე არ იხდის თანხას და ამის გამო ლომბარდი ავტომობილს სულ სხვა პირზე ჰყიდის, პატრონს კი ეს მანქანა უკვე გაყიდული აქვს და ამ დროსაც ძალიან დიდი გაუგებრობა იქმნება. ამიტომ მე არავის ვურჩევ, ავტომობილი ლომბარდიდან შეიძინოს.

- როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ამ უსიამოვნებებს თავი ავარიდოთ?

- აუცილებელი პირობაა ისიც, რომ შეძენისას მყიდველმა სატრანსპორტო საშუალება თავის სახელზე გადაიფორმოს, სინამდვილეში თანხის გადაცემა ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე ხდება ხოლმე. თუ ახალ მეპატრონეს მანქანა გადაფორმებული არა აქვს, საჭიროების შემთხვევაში უჭირს იმის მტკიცება, რომ ეს მისი საკუთრებაა. ხელშეკრულება მაინც უნდა გააფორმონ, რომ ეს ავტომანქანა გამყიდველმა გაყიდა და მყიდველმა იყიდა. ასევე უნდა შეამოწმოთ, არის თუ არა სატრანსპორტო საშუალება გირავნობით დატვირთული. ყველა ამ ასპექტის გათვალისწინების შემდეგ მესაკუთრეს შეუძლია სატრანსპორტო საშუალება თავის სახელზე გადაიფორმოს.

- რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ხომ შეიძლება ავტომობილი ახალს ჰგავდეს და მყიდველი მოტყუვდეს?

- ავტოსატრანსპორტო საშუალებების უმეტესობას აქვს ინდივიდუალური ვინ-კოდი, რომელშიც ამ მანქანაზე არსებული ინფორმაციაა დაცული. ვინ-კოდი შეიძლება ტექ. პასპორტზე, მანქანის ძარის ქვეშ, ან საქარე მინაზე იყოს გამოსახული. მისი საშუალებით შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალების ისტორიის გადამოწმება და დადგენა, ჰქონდა თუ არა მას დაზიანებები, რა პირობებში იყო, რამდენი მესაკუთრე ჰყავდა, არის თუ არა ნაავარიევი და ა.შ... ვინ-კოდის საშუალებით ვიგებთ ავტომობილის ისტორიას და ამ ინფორმაციის მოძიება ინტერნეტითაც შეიძლება. კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა - არ გადაიხადოთ ფული წინასწარ, ვიდრე ავტომობილის გამართულობაში არ დარწმუნდებით. იმის გასარკვევად, აქვს თუ არა რაიმე გაფუჭებული მანქანას, კარგი იქნება თუ კვალიფიციურ სპეციალისტთან მიიყვანთ. ამ გზით უსიამოვნო სიურპრიზებისგან თავს დაიცავთ.

- ბატონო ირაკლი, ალბათ, ახალი მანქანის შეძენისას პრობლემები ნაკლებია.

- გეთანხმებით, მაგრამ მაინც არის, ძირითადად, საგარანტიო ვადის გამო. დავუშვათ, სატრანსპორტო საშუალებას გარანტია აქვს 5 წელი და მისი რომელიმე ნაწილი მწყობრიდან მალე გამოვიდა. ხშირად გამყიდველი ორგანიზაცია თავს არიდებს საგარანტიო პირობების შესრულებას. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ავტომობილს სერიოზული წუნი ჰქონია, მაგრამ გამყიდველი ფირმა, ან ორგანიზაცია თავს არიდებდა მანქანის შეცვლას. ეს ყოველთვის დავის საგანი ხდება ხოლმე, თუმცა ახალ მანქანებთან პრობლემები გაცილებით ნაკლებია.

ხათუნა ჩიგოგიძე