კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა

კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ გზაზე მოძრაობა დღეს გაიხსნა. ახალი მაგისტრალი სოლოლაკის ვიწრო ქუჩებს საცობებისგან განტვირთავს და დედაქალაქის უძველეს უბანს თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებთან დააკავშირებს.

თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან, კრწანისის რაიონის გამგებელ გიორგი კოპალეიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად, დასრულებულ სამუშაოებს პირადად გაეცნო.

დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული გზით კრწანისიდან შინდისში ასვლა დროის მოკლე მონაკვეთში იქნება შესაძლებელი.

„ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ ერთი დაპირება შევუსრულეთ და კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი სრულიად ახალი გზა გავაკეთეთ. გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქის ისტორიული ნაწილიდან მთაწმინდისა და შინდისისკენ ასასვლელი გზა ძალიან დატვირთული იყო, მივიღეთ გადაწყვეტილება ალტერნატიული გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს დასრულდა და მოძრაობაც გაიხსნა. ეს გზა საკმაოდ ამოკლებს მანძილს და კრწანისიდან შინდისისკენ ასვლა დროის მოკლე მონაკვეთში იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ახალი გზის მშენებლობის გარდა, განხორციელდა ბუნებრივი აირის მილების გადატანა, გზის კონტურის ფორმირების სამუშაოები, კიუვეტებისა და გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა.

მათივე ცნობით, თბილისის მერიის ბიუჯეტიდან კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობისთვის 4 993 986,60 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები შპს „ჯეუ გრუპმა“ შეასრულა.