თბილისში იაპონური ბაღი გაიხსნება

თბილისში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე იაპონური ბაღი გაიხსნება.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა განუცხადა, ბაღის გახსნა 22 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი.

„ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულდება, ასევე ბაღის დეკორაციები - ქანდაკებები, ხიდი, რომელიც ხელოვნურ მდინარეზე გაკეთდება, ჩაის დასალევი ადგილი, სადაც სტუმრებს იაპონური ჩაის დაგემოვნება შეეძლებათ, იაპონიიდან ჩამოვიტანეთ მთავარი კარიბჭე, რაც ასევე იაპონური ბაღის აუცილებელი ატრიბუტია“, -აღნიშნავს სულხანიშვილი.

მისივე თქმით, უკვე საქართველოშია იაპონიისა და იაპონური კულტურის სიმბოლოდ აღიარებული საკურას 11-12 ნერგი, რომელიც ასევე ბაღის ტერიტორიაზე განთავსდება.

გარდა ამისა, იაპონიიდან, ფუძიამას ვულკანური მთის ფერდობებიდან ჩამოიტანეს ლავა, რომელიც იაპონური ბაღის უცვლელი აქსესუარია. ასევე იაპონიიდან ჩამოიტანეს ქვა, რომელიც უზრუნველყოფს ბაღში ჩანჩქერის ვარდნას.

სამუშაოებს იაპონური კომპანია „კოსუგი“ ახორციელებს, რომელიც მთელს მსოფლიოში იაპონური ბაღების მშენებლობით არის ცნობილი.

პროექტის ღირებულება 100 ათასი ლარია, რომლის დიდ ნაწილს კერძო იაპონური კომპანია ფარავს, მცირე ნაწილს კი დედაქალაქის მერია აფინანსებს.

თაია არდოტელი