”სავალდებულო რეგისტრაცია ბევრი სალონის დახურვას გამოიწვევს”

ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების სავალდებულო რეგისტრაცია 1 ოქტომბრიდან დაიწყო.

იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, 4 ოქტომბრისთვის რეგისტრაცია 2 405 სალონს ჰქონდა გავლილი.

რეგისტრაციის აუცილებლობა, რომელიც საქმინობის იდენტიფიცირებას გულისხმობს, ჯანდაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის ნაწილია. რეგისტრაციის ვალდებულება ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული საქმინობის რეგულირებაში და ინფექციის გავრცელების გზების მაქსიმალურად შეზღუდვაში დაეხმარება. სილამაზის სალონებისა და ესთეტიკის ცენტრების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ვალდებულების რეგლამენტი ძალაში 2016 წლის 27 ივლისიდან შევიდა.

ზოგიერთ სალონში რეგისტრაციის გავლას გაუგებარს უწოდებენ და აცხადებენ, რომ რეგისტრაცია საჯარო რეესტრში მანამდეც ჰქონდათ გავლილი. სალონების ნაწილში კი ამბობენ, რომ რეგისტრაციის შედეგად გაეზრდებათ ხარჯები, რაც მომსახურების გაძვირებას გამოიწვევს.

სალონ ”Be beauty”-ის მენეჯერი შორენა გოგოხია „ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ სალონის მოვლა ძალიან ძვირი ჯდება.

”რეგისტრაცია გავიარეთ. რაც შეეხება სტერილიზაციისა და საერთოდ, სალონის მოვლა-დეზინფექციის საშუალებებს, ეს ძალიან ძვირი ჯდება. ავტოკლავი (სტერილიზატორი) 3 000 დოლარზე მეტი ღირს. 2-3 სტერილიზაციის შემდეგ ხელსაწყოები ბლაგვდება და გალესვა სჭირდება. ერთი იარაღის გალესვა კი 10 ლარი ღირს. ერთჯერადი ინსტრუმენტები ჯერ არ გამოსულა. კომპლექტის ფასი კი 150 ლარიდან იწყება. ეს ყველაფერი მომსახურების ფასებზეც, რა თქმა უნდა, მოქმედებს, მაგრამ ფასი რომ გავზარდო, კლიენტი აღარ მეყოლება. ვფიქრობ რეგისტრაციის შემდეგ კონტროლი უფრო გამკაცრდება და ბევრი სალონი დაიხურება. ალბათ ეს ქმედებები ბაზრის მონოპოლიზაციისკენაა მიმართული”, - განაცხადა შორენა გოგოხიამ.

ნორმების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს G&L-ის მენეჯერი. მისი თქმით, აუცილებელია ფრჩხილისა და თმის მოვლის საშუალებების სტერილიზაცია. „მაგალითად, მანიკურის ხელსაწყოების წმენდისთვის სამი ტიპის აპარატი გვაქვს. ნარჩენების დანაწილებასაც ვახდენთ. ჩვენთვის არაფერი შეცვლილა, ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. რეგისტრაციის გავლა სიახლე იყო, თუმცა სავალდებულო რეგისტრაციის გავლის შემდეგ ალბათ ბევრი სალონი ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს და ბაზრიდან გასვლა მოუწევთ“, - ამბობს G&L-ის მენეჯერი.

ცვლილება, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შევიდა, ინფექციების პრევენციისა და სანიტარული ნორმების დაცვას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ ესთეტიკური ცენტრები და სილამაზის სალონები რეგისტრაციას არ გაივლიან, ისინი 50 ლარიდან 1 000 ლარამდე დაჯარიმდებიან.

თათია ახვლედიანი