მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბიაიჯი" ევროპის მიკროსაფინანსო დღეს აღნიშნავს

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბიაიჯი", რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან მიკროსაფინანსო კომპანიას, შეუერთდა ევროპის მიკროსაფინანსო დღის აღნიშვნას , რომელსაც წელს უკვე მეორედ აწყობენ ევროპის მიკროსაფინანსო ქსელი და მიკროსაფინანსო ცენტრი 20 ოქტომბერს.

ამ მიზნით, ისინი საკუთარ წევრებს მოუწოდებენ გაავრცელონ ინფორმაცია მიკროსაფინანსო სექტორის საქმიანობის შესახებ. ასევე მოაწყონ ვორკშოპები, დებატები, მასტერ-კლასები, გამოფენები, და სხვა. ხოლო - 27 ოქტომბერს ბრიუსელში მოეწყობა შემაჯამებელი ივენთი და გაანალიზდება, როგორც სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული აქტივობები, ასევე განხილული იქნება სექტორის განვითარებისთვის საჭირო საკითხები.

ამ ღონისძიებების მიზანია მიკროსაფინანსო სექტორის ცნობადობის ზრდა და მისი განვითარების ხელშეწყობა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბიაიჯიმ ევროპის მიკროსაფინანსო დღის პოპულარიზაციისა და მიკროსაფინანსო სექტორის საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით შექმნა სპეციალური საიტი. ამასთან დაკავშირებით ბიაიჯის გენერალურმა დირექტორმა დავით ბობოხიძემ განაცხადა: „წლევანდელი საერთაშორისო კამპანიის სლოგანია: „შესაძლებლობების შექმნა მიკროდაკრედიტების მიღმა“ - ანუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ პოტენციური და არსებული კლიენტებისთვის დამატებითი ღირებულების შექმნა არასაფინანსო სერვისების გაწევის გზით. სწორედ ამიტომ შევქმენით საიტი, რომლის მეშვეობით მოხდება როგორც მიკროსაფინანო ინდუსტრიის საქმიანობის არსის ახსნა მაქსიმალურად მეტი ადამიანისთვის, რომლებიც აწარმოებენ მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე - PRO Bono კონსულტაციების განხორციელება. საიტის ვიზიტორებს საშუალება ექნებათ კითხვები გააგზავნონ მათთვის საინტერესო საკითხებზე და ბიაიჯის ექსპერტებისგან მიიღონ კვალიფიციური პასუხები; ანუ არასაფინანსო მომსახურებას - კონსულტაციებს განვახორციელებთ საიტის მეშვეობით“.

შეგახსენებთ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბიაიჯი" 2011 წლიდან ახორციელებს ტრენინგებს ფერმერებისთვის მოწვეული აგრო-ბიზნესის ექსპერტის მეშვეობით. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში - გეგმავს ტრენინგებს მცირე მეწარმე ქალბატონებისთვის, რომლის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით მედიის საშუალებით.

ვინაიდან არსებული და პოტენციური კლიენტების განათლებაზე ზრუნვა "ბიაიჯის" კორპორატიული პასუხისმგებლობის პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, მსგავსი ტრენინგებისა და კონსულტაციების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება. მით უმეტეს, რომ ახლახან გავწევრიანდით საქართველოს Pro Bono ქსელში.

"ბიაიჯის" შესახებ: "ბიაიჯი" საქართველოს ბაზარზე მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს 200 -მდე თანამშრომელს, 4 სერვის ცენტრსა და სათავო ოფისს თბილისში, 2 სერვის ცენტრს ქუთაისში და 1 - თელავში, რუსთავში, ახალციხეში, გორსა და სენაკში, რაც საერთო ჯამში შეადგენს 11 სერვის ცენტრს. მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს როგორც ქალაქებში, ასევე სოფლად. ბიაიჯის პროდუქტები და მომსახურება მორგებულია მცირე და საშუალო ზომის საცალო მაღაზიების, მომსახურების სფეროს კომპანიებისა და ფერმერული მეურნეობების ბიზნეს საჭიროებებზე. გარდა ბიზნეს და აგრო სესხებისა, ბიაიჯი ფიზიკურ პირებს სთავაზობს ავტოსესხებს. ყოველდღიურ საქმიანობაში კომპანიას დანერგილი აქვს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპები და შესაბამისად მიღებული აქვს სოციალური რეიტინგი Micrifinanza-სგან - საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციისგან.(R)