გერმანიაში დაჩქარდება იმ პირთა დეპორტაციის პროცედურა, რომლებმაც ლტოლვილის სტატუსზე უარი მიიღეს

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის თანახმად, დაჩქარდება იმ პირთა დეპორტაციის პროცედურა, რომლებმაც ლტოლვილის სტატუსზე უარი მიიღეს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იტყობინება.

„თუ დეპორტაცია შეუძლებელია იმის გამო, რომ უცხოელმა საკუთარი იდენტობის ან ეროვნების შესახებ ხელისუფლება შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში, ან არ თანამშრომლობს ხელისუფლებასთან პასპორტის შეცვლის მიზნით, მაშინ ის აღარ ისარგებლებს განსაკუთრებული ნებართვით ქვეყანაში ყოფნის შესახებ“, - ნათქვამია დოკუმენტში.

როგორც „დოიჩე ველე“ აღნიშნავს, მიმდინარე წლის აგვისტოში გერმანია 210 000-ზე მეტ ადამიანს უნდა დაეტოვებინა, თუმცა 158 ათასმა ქვეყანაში დროებითი დარჩენის ნებართვის მიღება მაინც შეძლო.

ახალი რეგულაციის თანახმად, გერმანიის ხელისუფლება მიგრანტს დაგეგმილი დეპორტაციის შესახებ მხოლოდ 30 დღით ადრე აცნობებს.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 9 თვის განმავლობაში ქვეყანაში 213 ათასი მიგრანტი და ლტოლვილი ჩავიდა.