თბილისის მერია 5 არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტს დააფინანსებს

თბილისის მერია „საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების“ პროგრამის ფარგლებში 5 არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტს დააფინანსებს.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" თბილისის მთავრობიდან აცნობეს, მერიის კომისიამ „საქართველოს მწვანე ავტოკლუბის“, „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და ორგანიზაციის „იარე ფეხით“ მიერ წარმოდგენილი იდეები მოიწონა.

„ქალაქის მთავრობამ მხარი დაუჭირა პროექტებს, რომლებიც კვლევების, ტრენინგების, ვიდეორგოლებისა და სხვა მეთოდების გამოყენებით საგზაო უსაფრთხოების, მძღოლების, ქვეითებისა და ველოსიპედისტების მიერ, მოძრაობის წესების დაცვის საკითხებში საზოგადოების ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებენ მერიაში.

მათივე განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მერიის მიერ მოწონებული პროექტები წლის ბოლომდე უნდა განახორციელონ.

მერიამ „საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების“ პროგრამის დაწყების შესახებ აგვისტოს ბოლოს გამოაცხადა. მისი საერთო ბიუჯეტი 50 ათასი ლარია.

თბილისის მთავრობა პროგრამის განხორციელებას მომავალ წელსაც გააგრძელებს.