ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვიდეორგოლმა სამ საერთაშორისო ფესტივალში გაიმარჯვა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საიმიჯო ვიდეორგოლმა - Winter in Georgia 3 საერთაშორისო ფესტივალში გაიმარჯვა.

ზამთრის სეზონთან დაკავშირებული მარკეტინგული კამპანიის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ სპეციალურ პრეზენტაციაზე გააცნო.

როგორც გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, ზამთრის სეზონის საიმიჯო ვიდეოკლიპისათვის - Winter in Georgia ლატვიაში რიგის ტურისტულ ფესტივალზე RIGA TOURFILM ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მთავარი ჯილდო გადაეცა, ხოლო ხორვატიაში ზაგრების ფესტივალზე ZAGREB TOURFILM FESTIVAL „სპეციალური ჯილდო“.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას „ვერცხლის ჯილდო“ გადაეცა აზერბაიჯანში, ბაქოს საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალზე BAKU INTERNATIONAL TOURISM FILM FESTIVAL.

როგორც გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, 2016 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საერთაშორისო მარკეტინგული აქტივობების შედეგად საქართველოს შესახებ მომზადდა 600-მდე სტატია, ბლოგი, გადაცემა, სიუჟეტი და დოკუმენტური ფილმი.

მისივე თქმით, ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს ეწვია 486 უცხოელი ჟურნალისტი და 256 ტუროპერატორი. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მონაწილეობა მიიღო 15 საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენაში. ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ინტერნეტმარკეტინგული კამპანია ტარდება 12 ქვეყანაში, ხოლო ზაფხულისა და შემოდგომის სეზონთან დაკავშირებით 16 ქვეყანაში.

ჩოგოვაძის განცხადებით, ფართომასშტაბიანი კამპანია იმართება მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს სამოგზაურო პორტალზე - tripadvisor. ზამთრის სეზონთან დაკავშირებით სატელევიზიო რეკლამები გადის უკრაინის, ბელორუსის, ყაზახეთისა და რუსეთის ტელეკოპანიების ეთერში.

როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, ზამთრის მარკეტინგულ კამპანიებზე 5-ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება.

„ჩვენი პროგნოზები მართლდება იმასთან დაკავშირებით, რომ 2016 წელი განსაკუთრებული და რეკორდული წელიწადი იქნებოდა ტურისტების რაოდენობისა და შემოსავლების მხრივ, რომელიც შემოდის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში საერთაშორისო ტურიზმიდან. ჩვენ ტრადიციულად ვაგრძელებთ მარკეტინგულ კამპანიებს როგორც მეზობელი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებისთვის, რათა საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალი ცნობილი იყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.