ცნობილი ქართველები, რომლებიც "მეორადებში" იმოსებიან

თბილისში მეორადი ტანსაცმლის უამრავი მაღაზიაა, რომლებსაც ბევრი ადამიანი სტუმრობს. აქ შეგიძლია მსოფლიო ბრენდის, ხარისხიანი და ორიგინალური სამოსი ხელმისაწვდომ ფასად შეიძინო. "ამბები.გე" შეეცადა გაერკვია, რომელი ცნობილი ადამიანები სტუმრობენ მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებს.

თიკა ჯამბურია

ვერ ვიტყვი, რომ ხშირად დავდივარ მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებში ან ბაზრობებზე, მაგრამ მეც შემიძენია იქ ტანისამოსი. როცა საზღვარგარეთ ვარ, ყოველთვის ვსტუმრობ "აუთლეტ" მაღაზიებს და რამე თუ მომეწონება, ვყიდულობ.

მაკა ცინცაძე

რამდენჯერმე შემიძენია მეორადი ტანსაცმელი. მომეწონა და ვიყიდე, ტანსაცმლის ძებნა ძალიან მეზარება. ვნახე, მომეწონა და ვიყიდე. არ "ტეხავს" მეორადში ტანსაცმლის ყიდვა, "ლაქშერი" რომ არ უტყდებათ, ეგ ისედაც ვიცით. მთავარი განწყობაა და ვინ, სად, რას იყიდის ეს მეათასე ხარისხოვანია. სამოსის ყიდვისას ამდენს არ ვფიქრობ, სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი ამბები ხდება ჩვენს გარშემო.

თამუნა მუსერიძე

ტანსაცმელი თუ მომეწონება, ჩემთვის სულერთია, სად ვიყიდი. მეორადებშიც ხშირად შემიძენია და სიამოვნებით ვიცვამ იქ შეძენილ სამოსს. ე.წ. დეზერტირების ბაზრობაზე იყიდება კარგი მეორადი ტანსაცმელი.

ნინო ორდენიძე

ჩემი ოფისის ქვემოთ არის მეორადი ტანსაცმლის მაღაზია, ძალიან ბევრი და კარგი რაღაცები იყიდება. რამდენჯერმე მეც შევედი და ვიყიდე ტანსაცმელი. ხარისხიანია და ხელმისაწვდომი ფასი აქვს. სამოსი თუ მომეწონება, რა მნიშვნელობა აქვს სად ვიყიდი?

გურამ შეროზია

მეორადებში ტანსაცმელს ჩემი არაერთი მეგობარი ყიდულობს და მინდა გითხრათ, რომ ბრენდირებული ტანსაცმლით შემოსილ ბევრ ადამიანზე გაცილებით გემოვნებიანები არიან. რამდენჯერმე მეც მიყიდია მოგზაურობის დროს მეორადი ტანსაცმელი, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.

ნინა წკრიალაშვილი

ძალიან მომწონს "აუთლეტ" ტანსაცმელი. საქართველოში სად იყიდება კარგი მეორადი ტანსაცმელი არ ვიცი, მაგრამ ლიტვაში, კერძოდ ვილნიუსში არის არაჩვეულებრივი "აუთლეტ" მაღაზია, სადაც არაერთხელ მაქვს შეძენილი სამოსი.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE