„თბილისობის“ ღონისძიებებზე 1 200 000 ლარი დაიხარჯება

„თბილისობის“ ღონისძიებებზე ორი დღის განმავლობაში 1 200 000 ლარი დაიხარჯება, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, წელს „თბილისობის“ გასამართად გარკვეული ლოკაციები დაამატეს, რითაც გასულ წელთან შედარებით „თბილისობის“ ბიუჯეტი გარკვეულწილად გაზრდილია.

„წლევანდელი „თბილისობა“ გამორჩეული და ბევრი რამით განსხვავებული იქნება. მათ შორის გამოვყოფდი იმას, რომ გარდა რიყის ტერიტორიისა, სხვა ტერიტორიებზეც ვმართავთ ღონისძიებებს. კერძოდ, ღონისძიებების ერთი ნაწილი აღმაშენებლის გამზირზე გაიმართება. ასევე ლეღვთახევის ტერიტორიაზე მე-19 საუკუნის თბილისი გაცოცხლდება და ძალიან საინტერესო სანახაობები გველოდება. ასე რომ, ვპირდებით თბილისელებს, რომ ძალიან ლამაზი შაბათ-კვირა ელოდებათ“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, საკმაოდ წარმომადგენლობით დელეგაციებსა და სტუმრებს 10-ზე მეტი დაძმობილებული ქალაქიდან ელოდებიან. მათ შორის, ზაარბრუკენის მერს, ზოგიერთი ქალაქის მერის მოადგილეებს, ხელმძღვანელებს, ქალაქების საბჭოს წარმომადგენლებს და სხვა პირებს.

თბილისის მერმა იმის შესახებაც ისაუბრა, თუ რატომ ხდება წელს 15-16 ოქტომბერს თბილისობის აღნიშვნა.

„თბილისობის“ გამართვის თარიღთან დაკავშირებით თბილისის მერიაში შექმნილ კომისიაზე ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ 15-16 ოქტომბერს გამართულიყო.

14 ოქტომბერი სვეტიცხოვლობაა. ასევე დასვენების დღეა. ძალიან ბევრ უცხოელს ველოდებით, ტურისტებს, ვიზიტორებს, სტუმრებს. ამდენად, მათთვისაც ხელსაყრელი იყო ეს პერიოდი“, - განაცხადა ნარმანიამ.