„მინიმალური ხელფასი საქართველოში სამარცხვინოდ მცირეა - 20 ლარი კერძო სექტორში და 135 ლარი საჯაროში“

2015 წლის იანვრიდან გერმანიაში მინიმალური ხელფასი დაწესდა - დამსაქმებლებს თანამშრომლებისთვის საათში 8.50 ევროზე ნაკლების გადახდის უფლება არა აქვთ. ერთი შეხედვით, ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, თუმცა ყველა დადებითად როდი აფასებს: ამ ცვლილების შედეგად „გერმანიაში საშუალოდ, 60 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა, ან არ შეიქმნა. გამოკითხული კომპანიების 20%-ში კი აცხადებენ, რომ მინიმალური ხელფასის დაწესება მათ ბიზნესზე უარყოფითად აისახა. დასაქმებულთა რაოდენობა სავარაუდოდ უფრო მაღალი ტემპით გაიზრდებოდა, რომ არა მინიმალური ხელფასის რეგულაცია“ - ნათქვამია გერმანიის შრომის კვლევითი ინსტიტუტის დასკვნაში.

მინიმალური ხელფასის შემოღება საქართველოშიც საკმაოდ აქტუალური თემაა, ამ თემაზე დამსაქმებლები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგნელები კარგა ხანია დავობენ, მაგრამ ჯერჯერობით, უშედეგოდ.

მინიმალურ ხელფასზე საუბრისას საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა მიხეილ კორძახიამ აღნიშნა:

„ჩვენ მინიმალური ხელფასის შემოღების წინააღმდეგნი ვართ. შესაძლოა, გერმანიაში და ზოგიერთ ქვეყანაში ასე გადაწყვიტეს, მაგრამ მინიმალური ხელფასის დაწესებას ყოველთვის ახლავს ნეგატიური შედეგები: პირველ რიგში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ფერხდება, შესაძლებელია დასაქმებამ ფარული ფორმა მიიღოს და არალეგალურ სფეროში გადავიდეს, იმისათვის, რომ მეწარმემ დაწესებული ხელფასი გადაუხადოს, შესაძლოა სამუშაო ადგილებიც შეამციროს, ან იძულებული გახდეს თანამშრომლებს სამუშაო დრო შეუმციროს, რაც თავისთავად ამცირებს წარმოების მოცულობას... ერთი სიტყვით, მინიმალური ხელფასის შემოღებით პრობლემების მთელი ბუკეტი წარმოიშვება. არ უნდა დავივიწყოთ, რომ თავად ამ რეგულაციის კონტროლსაც სოლიდური თანხა დასჭირდება. იდეა თავისთავად კარგია, მაგრამ ჩვენ შედეგებზე უნდა ვიმსჯელოთ და არა იდეებზე“.

კორძახიას თქმით, „რაც უფრო მეტი რეგულაციაა ბაზარზე, მით ნაკლებია ბიზნესის მოქნილობა და ნაკლები - ეკონომიკური აქტივობა. რა ნიშნულზეც უნდა შეთანხმდნენ, ეს რეგულაცია ბიზნესისთვის მაინც შემაფერხებელი იქნება, ამიტომ, დიდი დაკვირვებაა საჭირო. მოწინავე ქვეყნებთან შედარება არაფერს მოგვცემს, ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა არის ჩვენი ეკონომიკისთვის ყველაზე ეფექტიანი და მისაღები“ - ამბობს ის.

„უმჯობესია, თავიანთი მოგება შეამცირონ და ცოტა თანამშრომლებზეც იზრუნონ“ - განაცხადა ჩვენთან საუბრისას საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ - გოჩა ალექსანდრიამ, რომელიც მინიმალური ხელფასის შემოღების აქტიური მომხრეა:

გოჩა ალექსანდრია - ევროპის ქვეყნებში მინიმალური ხელფასი ყველგან მოქმედებს, მაგრამ ბიზნესი სიძნელეებს არ აწყდება. ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ჩემს გერმანელ ნაცნობებს არასოდეს დაუჩივლიათ იმის გამო, რომ მათ ქვეყანაში მინიმალური ხელფასი არსებობს, პირიქით, გერმანია დღეს ევროპაში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, ბოლო წლებში ამ ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო გაძლიერდა და ამისთვის მინიმალურ ხელფასს ნამდვილად არ შეუშლია ხელი. რაც შეეხება საქართველოს, მინიმალური ხელფასი ჩვენთან 1997 წლიდან არსებობს, მაგრამ ის სამარცხვინოდ მცირეა. კერძო სექტორში ეს არის 20 ლარი თვეში, ხოლო საჯარო სექტორში - 135 ლარი. „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში ოფიციალური საშუალო ხელფასი არის დაახლოებით 960 ლარი, სინამდვილეში კი, ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს 50, 80, 120 ლარზე - ასეთი ხელფასები აქვთ ბიბლიოთეკებში, მუსიკალურ სკოლებში და საავადმყოფოებში - კერძოდ, სანიტრებს. მოკლედ, ამ მხრივ სიტუაცია სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ჩვენ უნდა დავსხდეთ და ვიმსჯელოთ, როგორ ვუშველოთ ადამიანებს, რომლებიც შრომობენ, მაგრამ მაინც ღარიბები არიან.

გოჩა ალექსანდრიას შეფასებით, ამ მხრივ, ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკა სამარცხვინოა, რის გამოც მოსახლეობა დამონებულ მდგომარეობაშია:

გოჩა ალექსანდრია - არის შემთხვევები, როდესაც შვებულების გამო უშვებენ ხალხს სამსახურიდან, ან იმის გამო, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება მოითხოვეს, სწორედ ამიტომ არის საჭირო შრომის ინსპექცია, რომელიც მსგავს საკითხებს მოაწესრიგებს. ერთ მაგალითს მოვიშველიებ: ყველამ იცის რა მდგომარეობაა ბოლო ხანებში ხარაგაულში, ზვარეში, სადაც მუშები ჩინურ კომპანიას დაუპირისპირდნენ. იქ სრული მონობაა, მაგრამ მთავრობა თავის დაჩაგრულ მოქალაქეებს მხარს არ უჭერს და ვის რა უნდა მოვთხოვოთ? მართალია, ხელფასი 600-700 ლარი აქვთ, მაგრამ 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. ამ თანხას ნამუშევარ საათებზე თუ გავყოფთ, მაინც სასაცილო ხელფასი გამოსდით. მით უმეტეს, ეს ადამიანები იქ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას კარგავენ. ამიტომ არის საჭირო მინიმალური ხელფასის შემოღება, მისი მონიტორინგი კი მთავრობას ევალება. ამ სფეროში რომ სრული განუკითხაობაა, სწორედ ამიტომ გვეღუპება წელიწადში 40-45 ადამიანი, ერთი ამდენი კი - სამუშაო ადგილებზე სახიჩრდება. სამწუხაროდ, მთავრობა ბიზნესის მხარეს დგას, რადგან თვითონ წარმოადგენს ბიზნესს.

ამ საკითხის შეფასება თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელს - ვახტანგ ჭარაიას ვთხოვეთ:

ვახტანგ ჭარაია - მიუხედავად იმისა, რომ მინიმალური ხელფასი ჩვენთან 20 ლარია, რეალურად 20 ლარზე არავინ მუშაობს. მართალია, საშუალო ხელფასი 960 ლარია, თუმცა ძალიან დიდია რაოდენობა იმ ხალხისა, ვინც 200, 250, ან 300 ლარზე მუშაობს. ამ ყველაფერს ბაზარზე არსებული სიტუაცია განსაზღვრავს და როდესაც მინიმალურ ხელფასზე ვსაუბრობთ, დიდი სიფრთხილე გვმართებს: დავუშვათ, რომელიმე საწარმოს დავუწესეთ ზღვარი, რომ მინიმალური ხელფასი ამ საწარმოში 500 ლარი უნდა გახდეს. ამ დროს მეწარმეს დაქირავებული ჰყავს თანამშრომლები, რომლებსაც 250 ლარს უხდის და მას ხარჯები ორჯერ გაეზრდება. შესაბამისად, ან პროდუქციის ფასი უნდა გაზარდოს, ან კონტიგენტი შეამციროს. ერთიც და მეორეც ბაზარზე, და ზოგადად, ეკონომიკაზე, უარყოფითად აისახება. ძალიან ბევრი კომპანია იძულებული გახდება თანამშრომლები შეამციროს. გამოდის, რომ ვიღაცას ხელფასი გაეზრდება, მაგრამ ამით უმუშევრობას წავახალისებთ.

ვახტანგ ჭარაიას თქმით, თუ მინიმალური ხელფასი გონივრულ ზღვარზე იქნება, მაშინ ამ პრობლემებს აღარ გადავაწყდებით: „თუ მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმს გაუტოლდება, მაშინ არაფერი შეიცვლება, ხოლო თუ 500, ან 600 ლარს დავაწესებთ, გრძელვადიან პერიოდში ეს უარყოფით შედეგს უფრო მოგვცემს, ვიდრე დადებითს. ეს ინვესტორებსაც დააბრკოლებს, რადგან ისინი საქართველოში იაფი სამუშაო ძალის და შრომის კოდექსის სიმარტივის გამო შემოდიან. თუ ამ ყველაფერს გავართულებთ, ინვესტორების რაოდენობაც შემცირდება. ამიტომ ვამბობ, რომ მინიმალური ხელფასის საკითხის გადაწყვეტისას დიდი სიფრთხილე გვმართებს“ - აღნიშნავს ვახტანგ ჭარაია.

ხათუნა ჩიგოგიძე