ევროკავშირის ლიდერები რუსეთის მიერ მარგინალური პარტიების ფარული დაფინანსების შესახებ სადაზვერვო ინფორმაციაზე იმსჯელებენ

20-21 ოქტომბერს, ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ევროპული სადაზვერვო სამსახურების მოწოდებულ ინფორმაციაზე იმსჯელებენ , რომლის მიხედვით, რუსეთი ევროკავშირის შიდა პოლიტიკაში ჩარევის მიზნით, ევროპულ ულტრამემარჯვენე და მარგინალურ პარტიებს ფარულად აფინანსებს.

ამის შესახებ The Financial Times -ი წერს. გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი ევროპელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ რუსეთის ეს ქმედებები „მუდმივი შეშფოთების საგანი“ გახდა.

The Financial Times -თან საუბარში ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მოსკოვი ევროპელ პოპულისტებს მოკავშირეებად განიხილავს იმისთვის, რომ ევროპაში საკუთარ მიზნებს მიაღწიოს. ასეთ მიზნებად კი სახელდება რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი ეკონომიკური სანქციების გაუქმება და უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმა.