ლარის რისკები

ლარის კურსის ცვლილება საწვავის გაძვირების ერთ-ერთ მიზეზად უკვე დასახელდა. რამდენიმე დღეა, საწვავი საქართველოში 4-6 თეთრით გაძვირდა. ბოლო 1 თვეში ლარი დოლარის მიმართ დაახლოებით 4 თეთრით გაუფასურდა. მთავრობაშიც და ეროვნულ ბანკშიც გვამშვიდებენ, რომ ის, რაც დღეს ლარს სჭირს, დროებითი მოვლენაა და რამდენიმე მსხვილ ფინანსურ ოპერაციას უკავშირდება. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ მთავარ ფინანსურ ინსტიტუტში "თიბისი ბანკის" მიერ "ბანკ რესპუბლიკასა" და "პროგრეს ბანკში" გადახდილ რამდენიმე ასეულ მილიონს გულისხმობენ, რომელიც ქვეყნიდან ნაწილ-ნაწილ გადის. ამას ემატება სხვა რისკებიც - მოახლოებული ზამთრის სეზონი, როცა ენერგომატარებლების იმპორტის გაზრდის გამო ქვეყნიდან დოლარის დამატებითი მასა გადის; ტურისტული სეზონის დასასრული, როცა უცხოელების შემოსვლა საქართველოში მცირდება და საბიუჯეტო წლის ბოლო, როცა მის შესასრულებლად ხშირად ლარის ხარჯვა იმატებს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ისმის კითხვა: რა სჭირს და რა ელოდება ლარს?

მიხეილ დუნდუა, ეკონომიკის ექსპერტი:

"რაც ახლა ლართან დაკავშირებით ხდება, ეს დროებითი მოვლენაა და ეროვნულმა ბანკმაც სწორად ახსნა, რომ ამაზე მოქმედებს ორი ფაქტორი, მათ შორის რამდენიმე მსხვილი ფინანსური ტრანზაქცია, როცა კურსის დროებითი მერყეობა სავსებით დასაშვებია. ბუნებრივია, ამ დროს უნდა ერეოდეს ეროვნული ბანკი და ჩაერია კიდეც, დოლარის მასა, რაც ბაზრიდან წლის პირველ ნახევარში ამოიღო, ნაწილობრივ უკან დაუბრუნა ეკონომიკას, რითაც ბაზრის დამშვიდება დაიწყო. მეორე ფაქტორი საარჩევნო აჟიოტაჟია, რომელიც ასევე მოქმედებს ეროვნული ვალუტის კურსზე.

როგორც კი საბოლოოდ ჩაივლის არჩევნები და ვითარება დამშვიდდება, ლარი აუცილებლად გამყარდება. არ არსებობს არც ერთი ეკონომიკური, მაკროეკონომიკური და ფუნდამენტური ფაქტორი, რამაც შეიძლება ლარის კურსზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

პირიქით, გაზრდილია შემოსავლები ტურიზმიდან, ინვესტიციების მაჩვენებელი და სხვ. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა წმინდა ეროვნული განკარგვადი შემოსავლების მაჩვენებელი, რასაც არჩევნების გამო ნაკლები ყურადღება დაეთმო და საქართველოში ერთიანად მიღებულ შემოსავლებს გულისხმობს. ის მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, დოლარში გამოსახვითაც. კარგ პოზიციაშია დანაზოგების მაჩვენებელიც (დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარი). ექსპორტის შემცირება, რაც ბოლო დროს შეინიშნება,­ ძირითადად, განპირობებულია რეექსპორტის კლებით­ და საქართველოში წარმოებულ პროდუქციას არ ეხება - ჩვენთან წარმოებული საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ჯამური მაჩვენებელი გაზრდილია. ასე რომ, ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი მხოლოდ პოზიტიური პროგნოზის გაკეთების საფუძველს იძლევა და უახლოეს მომავალში ლარის გამყარების ტენდენციას უნდა ველოდოთ".

დავით ასლანიშვილი, ეკონომიკის დოქტორი: "მაკროეკონომიკური პარამეტრები წესრიგშია, მაგრამ ისმის კითხვა - რა უწყობს ხელს ლარის კურსის ვარდნას? უნდა გამოვყოთ ორი ფაქტორი: ისეთ ქვეყანაში, სადაც სტაბილური გარემოა და ფულად ერთეულსაც ყველა თავისი ფუნქცია აქვს, მათ შორის გაცვლის, საზომი ერთეულისა და შენახვის, შესაძლოა, იმავე ვითარებაში კურსსა და ვალუტას პრობლემა არ შეჰქმნოდა, მაგრამ ჩვენთან ეს ფუნქციები ლარს დაკარგული აქვს და ის ნებისმიერ ცვლილებაზე მყისვე რეაგირებს. ეს გარემოება ზრდის დოლარის შესყიდვაზე მოსახლეობის თუ ბიზნესის მოთხოვნას და ლარის კურსის კორექტირებასაც იწვევს.

პირველი ფაქტორი ყბადაღებული რეფინანსირების სესხია, რომელიც ბოლო დროს მილიარდი ლარით არის გაზრდილი და მეორე, მისი თანამდევი - ფულის მასის ცვლილება. მიმოქცევაში არსებული ლარის მასა ჯამურად (მათ შორის, ანგარიშებზე და ნაშთების სახით) ბოლო პერიოდში 5,3-დან 6,2 მილიარდამდე გაიზარდა. შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ ამას ემატება მსხვილი ტრანზაქციები, დაკავშირებული "თიბისი ბანკის" მიერ "რესპუბლიკა ბანკისა" და "პროგრეს ბანკის" შეძენასთან, სადაც საუბარია რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარზე. მართალია, სანაცვლოდ ეროვნულმა ბანკმა დოლარის ინტერვენცია მოახდინა, მაგრამ მიმოქცევაში ლარის მასაც გაიზარდა, სწორედ ამიტომ ვერ მოიხსნა ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლა.

პრობლემაა საგარეო ვალების დაფარვის ვალდებულება მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში. სახელმწიფოსა და კერძო სექტორს ჯამში მილიარდ დოლარამდე ვალი აქვს დასაფარი დარჩენილ 2,5 თვეში.

2017 წელს 2 მილიარდ დოლარზე მეტის გასტუმრება გვიწევს უცხოურ ვალუტაში, რაც ასევე გამოიწვევს ზეწოლას ლარზე, თუ სანაცვლოდ რამე სხვა ინსტრუმენტები არ დავუპირისპირეთ".