გუკა რჩეულიშვილის ადვოკატი მოსამართლის აცილებას ითხოვს

"ცენტრ პოინტის" საქმეზე, ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე დაცვის მხარე მოსამართლის აცილებას ითხოვს. ვახტანგ მრელაშვილის აცილების შუამდგომლობა გუკა რჩეულიშვილის ადვოკატმა ქეთევან ჩომახაშვილმა დააყენა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დაცვის მხარეს ეჭვი აქვს, რომ განსახილველი საქმე მოსამართლეს საქმეთა განაწილების წესის დარღვევით შეხვდა და მოსამართლე მრელაშვილთან საქმე არა რიგითობის პრინციპით, არამედ შერჩევით მივიდა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მან 7 ოქტომბერს გამოითხოვა ინფორმაცია საქმეთა განაწილების შესახებ, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია, რაც საქმეთა განაწილების წესის დარღვევაზე ეჭვებს კიდევ უფრო ამყარებს.

ადვოკატმა მოსამართლის აცილების სხვა საფუძვლებსა და არგუმენტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა სასამართლო სხდომაზე, როდესაც ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა, ამ გადაწყვეტილების განმარტებისას დაარღვია ბრალდებულ გურამ რჩეულიშვილის უდანაშაულობის პრეზუმფცია. ქეთევან ჩომახაშვილის თქმით, მოსამართლემ ამავე პროცესზე ასევე გამოხატა ინტერესი, რომ საქმე არსებით განხილვაზე წარიგზავნოს, იმის მიუხედავად რა არგუმენტები ექნება დაცვის მხარეს.

ამ წუთებში მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილი მსჯელობს, დააკმაყოფილოს თუ არა მისი აცილების შესახებ დაყენებული შუამდგომლობა.