ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით, მოხეში არსებული სადავო შენობის საძირკველზე სამუშაოების ჩასატარებლად 80 ათასი დოლარია საჭირო

არასამთავრობო სექტორისა და დაინტერესებული მხარეების მიერ გაკეთებული არაერთი განცხადება, რომ ხელოვნურად ხდება გაჭიანურება და პრობლემების გადაწევა, არასწორია , - ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს შორის სადავო შენობასთან დაკავშირებით განაცხადა.

დღეს ზაზა ვაშაყმაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც სოფელ მოხესთან დაკავშირებით ბოლო დღეებში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, 2014 წელს სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება და შექმნა 13-კაციანი კომისია, რომელიც სოფელ მოხეში მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის სადავო შენობის წარმომავლობის საკითხს სწავლობს. მისივე თქმით, ეს კომისია არის ნებაყოფლობითი, სათათბირო ხასიათის, მასში რელიგიის სააგენტოდან მხოლოდ ის არის, დანარჩენები კი დაინტერესებულ მხარეებს წარმოადგენენ.

ზაზა ვაშაყმაძის თქმით, აღნიშნულ სათათბირო კომისიაში 4 წევრი მუსლიმ თემს წარმოადგენს, 3 მართლმადიდებელს, მასში ჩართული არიან ადგილობრივი სამხარეო ხელისუფლების წარმომადგენლები, ორი წევრი კი ძეგლთა დაცვის სააგენტოდან არის. ზაზა ვაშაყმაძემ საუბრისას უარყო, რომ კომისიის მიერ ხელოვნურად ხდება პრობლემის გაჭიანურება და დღემდე არ არის მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება.

„ამ კომისიის შედეგი არის ის, რომ დაპირისპირება არ არის, კომუნიკაცია და დიალოგი აღდგა, მოსახლეობას შორის დაძაბული სიტუაცია არ არის“, - განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.

მისივე თქმით, სადაც მეჩეთებთან დაკავშირებით კუთვნილების შესახებ სიტუაცია გარკვეულია, სააგენტო შესაბამისად მოქმედებს, ხოლო იქ, სადაც კუთვნილება სადავოა, შენობების გადაცემის პროცესი ჭიანურდება.

ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით, იმის გასარკვევად, რომ მოხეში არსებული სადავო შენობა წარმოადგენს ეკლესიას თუ მეჩეთს, მხოლოდ პირველადი სამუშაოების ჩასატარებლად 80 ათასი დოლარი არის საჭირო, კერძოდ, მან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ თანხით შესაძლებელი იქნება სპეციალისტებმა გამოკვლევები ჩაატარონ და საძირკველის დონეზე გაირკვეს, ეს სადავო შენობა არის ეკლესია თუ მეჩეთი.

ზაზა ვაშაყმაძემ ასევე განაცხადა, რომ ზემოთაღნიშნული კომისია მომავალ სხდომას 3 ნოემბერს, ახალციხეში გამართავს.