ზოგიერთ სუპერმარკეტში შაქარი 30-40 თეთრით გაძვირდა

სურსათის მაღაზიებში შაქრის ფასმა მოიმატა.

პროდუქტის ფასი თბილისის ზოგიერთ სუპერმარკეტში 1,90 ლარიდან 2,55 ლარამდე გაძვირდა და 1 კგ. შაქრის მინიმალური ფასი 2,15 თეთრიდან იწყება. ასაწონი შაქრის ფასმა 30 თეთრით მოიმატა და ნაცვლად 2 ლარისა 1 კგ. შაქარი 2.30 ლარი ღირს.

სუპერმარკეტებში შაქრის ფასის მატების მიზეზებს ვერ ასახელებენ. თუმცა, მოვაჭრეების ვარაუდით, ერთ-ერთი მიზეზი დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ვარდნაა.

შაქრის ფასი იზრდება მსოფლიო ბაზარზეც. ოქტომბრის დასაწყისში მსოფლიო ბაზარზე შაქარი თითქმის 7 პროცენტით გაძვირდა. ანალიტიკოსთა განცხადებით, შაქრის გაძვირება მსოფლიო ბაზარზე ბრაზილიაში შაქრის მცირე მოსავალმა გამოიწვია.