ყალბი დოლარის გასაღების ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანეს დიდი ოდენობით ყალბი ამერიკული დოლარის კუპიურები. სისხლის სამართლის საქმეზე დაგეგმილი ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულთა დაკავება უშუალოდ ყალბი კუპიურების გასაღების დროს მოხდა.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.