შატილს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება

მცირე ჰესის მწყობრიდან გამოსვლის გამო, შატილს ელექტროენერგია გენერატორის მეშვეობით, გრაფიკით მიეწოდება.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის გოჩა ზეიკიძის განცხადებით, მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შატილს დენი არ მიეწოდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ოქტომბრის დასაწყისში შატილში მწყობრიდან გამოვიდა ელექტრომომარაგებისთვის განკუთვნილი მცირე ჰესი. ენერგეტიკის სამინისტროს დახმარებით, დროებით მოვიძიეთ 65 კვტ-იანი დიდი გენერატორი, რომელიც ატანილია შატილში და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი საწვავით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, სკოლა-ინტერნატი მარაგდება შეშით და უახლოეს დღეებში, ასევე, შატილში ყველა მოსახლისთვის 25 კუბური მეტრი საშეშე მერქანი იქნება ატანილი“, - განაცხადა ზეიკიძემ.

მისივე ინფორმაციით, შატილს ელექტროენერგია ამჟამად მიეწოდება გრაფიკით: 09:00-დან 11:00 საათამდე და 19:00-დან 23:00 საათამდე, თუმცა ენერგეტიკის სამინისტრომ მოიძია ჰესისთვის საჭირო დეტალები და სავარაუდოდ, ერთი თვის განმავლობაში მოახდენს ჰესის სრულ რეაბილიტაციას, რის შემდეგაც შატილს 24-საათიანი ელექტრომომარაგება აღუდგება.

„შესაბამისად, არავინ უყურადღებოდ არ არის დატოვებული, როგორც ავრცელებენ. პირიქით, ეს საკითხი კონტროლზე გვყავს აყვანილი. პროცესში ჩართულია ენერგეტიკის სამინისტრო და პირადად მინისტრი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი, გუბერნატორი, მუნიციპალიტეტის გამგეობა“, - განაცხადა გოჩა ზეიკიძემ.