ძვირი დენის წილი მატულობს, გაიზრდება თუ არა ტარიფი

სექტემბერში ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგია 2/,4%-ით შემცირდა.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სამაგიეროდ, 147%-ით გაიზარდა თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია და ამავე დროს, 131%-ით მოიმატა იმპორტმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში ძვირი დენის წილი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ წინ ცივი თვეები გველის, გამორიცხული არ არის, ელექტროენერგიის შეწონილი ფასი გაიზარდოს. სპეციალისტთა აზრით, შესაძლოა, ეს ელექტროენერგიაზე ტარიფის მატების ერთ-ერთი მიზეზიც გახდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველოს ენერგოსისტემას ახალი ჰიდროელექტროსადგურები შეემატა, ელექტროენერგიაში ჰესების მიერ გამომუშავებული დენის წილი მიანც მცირდება. მარტო ბოლო ორი თვის სტატისტიკით, ჰიდროსადგურების მიერ გენერირებული ელექტროენერგია 22,4%-ით შემცირდა, რაც სახარბიელო მაჩვენებელი ნამდვილად არ არის.

ესკო-ს მონაცემებით, 2016 წლის აგვისტოში საქართველოში გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ 957,115 მლნ კვტ/სთ შეადგინა, აქედან თბოსადგურების წილი იყო 62,889 მლნ კვტ/სთ, ანუ მთლიანი გამომუშავებული ელექტროენერგიის 6,5%. დანარჩენი 93,4% ჰიდროელექტროსადგურების გენერირებული დენი იყო. 2016 წლის აგვისტოში ჰესებმა, საერთო ჯამში, 894,226 მლნ კვტ/სთ აწარმოეს.

რაც შეეხება იმპორტირებულ ელექტროენერგიას, აგვისტოში ქვეყანამ სულ 10,464 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია შეიძინა. სექტემბერში კი იმპორტირებულმა დენმა 24,183 მლნ კვტ/სთ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ აგვისტოში დენი მთლიანად აზერბაიჯანიდან შემოვიდა, სექტემბერში კი რუსეთიდან მხოლოდ 0,092 მლნ კვტ/სთ მივიღეთ, თითქმის 99% ისევ აზერბაიჯანიდან შევიძინეთ.

სექტემბერში გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობამ კი 798,310 მლნ კვტ/სთ შეადგინა, სადაც ჰიდროელექტროსადგურების გენერაციის წილი 80,1% იყო, ანუ მთლიანად გასულ თვეს საქართველოში მოქმედმა ჰიდროსადგურებმა სულ 639,725 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს. თბოსადგურეის წილი 158,585 მლნ კვტ/სთ იყო, რაც დაახლოებით 19,8%-ია.

რაც შეეხება 2015 წლის მონაცემებს, შარშან ჰიდროელექტროსადგურებისა და თბოსადგურების მიერ გენერირებული ელექტროენერგიის მოცულობამ 108,326 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, საიდანაც თბოსადგურების წილი იყო 2378.8 მლრდ კვტ/სთ, ჰესების კი - 8453.8 მლრდ კვტ/სთ. შარშან ქვეყანამ სულ 699.2 მლრდ კვტ/სთ იყიდა.

სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა მუდმივად იზრდება, რაც თავის მხრივ, ქვეყნის ენერგოსისტემაში ძვირი დენის წილის ზრდაზე მიუთითებს. თუ ჰესების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობა არ გაიზარდა, თბოსადგურების კი არ შემცირდა, სპეციალისტთა პროგნოზით, გამორიცხული არ არის, ამან დენის ტარიფის ზრდა გამოიწვიოს.

სწორედ ამაზე საუბრობს ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე, მისი აზრით, თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილის ზრდისა და იმპორტის მატების ფონზე, ელექტროენერგიის გაძვირება სავსებით რეალურია.

"საერთოდ, ძვირად ღირებული ელექტროენერგია ნიშნავს იმას, რომ ის სამომხმარებლო ტარიფს გააძვირებს. ალბათ, ყველაფერი აქეთკენ მიდის. ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოში დენი გაძვირდეს, კომპანიებში ამისთვის სერიოზულად ემზადებიან და თუ ნახავენ, რომ ჰესების, ანუ იაფი დენის წილი თანდათან მცირდება, ძვირის კი იზრდება, ცხადია, ტარიფის საკითხსაც დააყენებენ.

სამწუხაროდ, დღეს ძირითადი აქცენტი თბოსადგურებზეა გადატანილი და დიდი პროექტები, სადაც იაფი დენის გენერირება უნდა მოხდეს, გაჩერებულია. ეს დამატებითი საფუძველი იქნება იმისათვის, რომ სადისტრიბუციო კომპანიებმა დენის გაძვირება მოითხოვონ", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" თემურ ჭიჭინაძემ.

განსხვავებული პოზიცია აქვს კიდევ ერთ ენერგეტიკოსს გია არაბიძეს. მისი აზრით, ის, რომ სექტემბერში ჰესების მიერ გენერირებული დენის მოცულობა შემცირდა, გეგმიური პროცესია.

"ჩვენთვის მთავარია, ენგურში წყალი შევინახოთ. ამიტომ ჯერჯერობით არ ვხარჯავთ და მისი სწრაფი დამუშავება ნოემბერში დაიწყება. ამ ეტაპზე თბოსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისა და იმპორტირებული დენის მოცულობის მატება ჩვეულებრივი პროცესია. იმის საფრთხე, რომ ან დენი არ გვეყოფა ან ტარიფი გაიზრდება, ნამდვილად არ არსებობს", - განაცხადა არაბიძემ.

ამ ეტაპზე საქართველო დენს რამდენიმე წყაროდან იღებს. ქვეყანაში მუშაობს 7 დიდი ჰესი, მათ შორის ენგურჰესი, ვარდნილჰესი, შაორჰესი, ჟინვალჰესი და ა. შ. 12 ჰესი სეზონური დატვირთვისაა, კერძოდ, ვარციხჰესი, გუმათჰესი, რიონჰესი, ლანაჯურჰესი და ა. შ. 94 ჰესი კი მცირე მოცულობისაა და მათი გენერაციიდან მიღებული ელექტროენერგიით პატარა სოფლები მარაგდება.

ამასთან, ელექტროენერგიის გენერირება ხდება 5 თბოსადგურის მიერ. ასევე ერთ-ერთი წყარო ელექტროენერგიის მიღების არის იმპორტი და ტრანზიტიდან მიღებული დენი. ტრანზიტის მიზნით საქართველოში აგვისტოში შემოვიდა 138,739 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია, სექტემბერში კი - 101,470 მლნ კვტ/სთ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი განხორციელდა და დღესაც ხორციელდება. ერენგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე ექსპლოატაციაში შევიდა 14 ჰიდროელექტროსადგური და 2 თბოსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე არის 420 მგვტ, ხოლო ჯამური საინვესტიციო ღირებულება 537 მლნ აშშ დოლარს აღემატება. მაგალითად, ამოქმედდა გარდაბნის თბოელექტროსადგური, რომელიც 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურია.

დაწყებულია 280 მგვტ დადგმული სიმძლავრის ნენსკრა ჰესის მშენებლობა, რომლის ინვესტიცია 1 მლრდ დოლარია. ახალი ჰესის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ იქნება. სადგური ელექტროენერგიის წარმოებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება. დარიალჰესი ექსპლოატაციაში, ფაქტორბრივად, შესულია, ხოლო ყველაზე დიდი პროექტის - ხუდონჰესის ბედი ჯერჯერობით ისევ გაურკვეველია.

მიმდინარე წელს დასრულდება ქვესადგურების: "მარნეული 500"-ის და "ქსანი 500"-ის, აგრეთვე "ახალციხე-ბათუმის" დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის მნიშვნელოვანი ეტაპის, ხოლო 2017 წელს ჯვარი-ხორგას და ქსანი-სტეფანწმინდას დამაკავშირებელი ხაზების მშენებლობა.

ნატა გიორგაძე

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"