ნოდარ ხადური - ახალი მთავრობა და პარლამენტი დაამტკიცებს ბიუჯეტს, რომელიც თვისობრივად განსხვავებული იქნება

ახალი მთავრობა და ახალი პარლამენტი დაამტკიცებს ბიუჯეტს, რომელიც თვისობრივად განსხვავებული იქნება , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა 2017 წლის ბიუჯეტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ბიუჯეტში ძალიან ბევრი რამ შეიცვლება მათ შორის, მაკროეკონომიკური პროგნოზები.

„თქვენ იცით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაზარდა ჩვენი პროგნოზი. ჩვენ მათთან ერთად ვმუშაობთ. ჩემი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები ვაშინგტონში იმყოფებოდნენ წლიური შეხვედრის ფარგლებში. მათთან მუშაობა გაგრძელდება და ახალი მთავრობა და ახალი პარლამენტი დაამტკიცებს ბიუჯეტს, რომელიც თვისობრივად იქნება განსხვავებული“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის პარლამენტის კომიტეტებში გახილვის პირველი ეტაპი დასრულდა. მისი გადამუშავებული ვარიანტი მთავრობამ პარლამენტს 5 ნოემბრამდე უნდა წარუდგინოს. ამის შემდეგ მისი განხილვის პროცესი პლენარული სხდომის ფორმატში გაგრძელდება. შენიშვნებითა და წინადადებებით პროექტი მთავრობას კიდევ ერთხელ დაუბრუნდება. საბოლოოდ კი 2017 წლის ბიუჯეტს ახალი მოწვევის პარლამენტი დაამტკიცებს.