ქუთაისში ახალი საცურაო კომპლექსი აშენდება

ქუთაისში ახალი საცურაო კომპლექსის ასაშენებლად ტერიტორიის შერჩევა დაიწყეს. ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა, რომელიც, ამავდროულად, იმერეთში სპორტის საწყლოსნო სახეობების ფედერაციის პრეზიდენტია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სპორტის საწყალოსნო სახეობათა საქართველოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს დათო რურუას, წყალბურთში სპორტის დამსახურებულ ოსტატს მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონსა და ოლიმპიურ პრიზიორს, მიხეილ გიორგაძეს და აღნიშნული ფედერაციის სხვა წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

შეხვედრაზე ქუთაისში მრავალფუნქციური საცურაო კომპლექსის მშენებლობაზე ისაუბრეს, სადაც რამდენიმე დახურული აუზი იქნება განთავსებული; განიხილეს აღნიშნული კომპლექსის ლოკაციის შესაძლო რამდენიმე ვერსია. შეხვედრის შემდეგ მოხდა აღნიშნული ლოკაციების ადგილზე დათვალიერება. ეროვნული ფედერაციის და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სამშენებლო სივრცეების უპირატესი და ნაკლოვანი მხარეები ადგილზე განიხილეს და პოზიციები შეაჯერეს.

ქუთაისში საწყალოსნო კომპლექსის მშენებლობის დაწყება 2017 წლისათვის არის დაგეგმილი, ხოლო საპროექტო სამუშაოების კონკურსი უკვე მიმდინარე წელს ჩატარდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განხორციელებული საბიუჯეტო ეკონომიების ხარჯზე.