"გაიცანი საქართველოს" მედიატური აჭარაში

პროექტ „გაიცანი საქართველო“-ს ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ქართული მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. პროექტი მიზნად შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას ისახავს და ის საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ხორციელდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მედია ტურის მონაწილე ცენტრალური ტელევიზიების 25-მდე წარმომადგენლისთვის სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტები აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს შემოდგომაზე გაეცნენ.

ტური ქობულეთიდან დაიწყო, სადაც მედიატურის მონაწილეებმა აჭარაში ახალი ტურისტული ადგილი აგროსერვის ცენტრის ღვინის სახლი მოინახულეს, იქ დანერგილ სერვისებს გაეცნენ, დაათვალიერეს სადემონსტრაციო ვენახი და მარწყვის სათბური. იქვე ჟურნალისტებმა ქობულეთისთვის დამახასიათებელი კერძები დააგემოვნეს და ერთ-ერთი პოპულარული კერძის „აჩმა“ მომზადების მასტერკლასსაც დაესწრნენ. მედიატური აგროსერვის ცენტრის ციტრუსის სადემონსტრაციო ბაღში გაგრძელდა, სადაც ჟურნალისტებმა საადრეო მანდარინის დაკრეფის პროცესში მიიღეს მონაწილეობა. მედიატურის მეორე დღეს კი მათ საშუალება მიეცათ შუა ზღვაში თევზაობის პროცესი გადაეღოთ და ბათუმში წარმოდგენილი თევზის სახეობები დაეგემოვნებინათ.

„ჩვენი მთავარი მიზანია აჭარა იყოს ოთხივე სეზონზე ვიზიტირებადი რეგიონი. ამ მედიატურის მიზანიც სწორედ ისაა, რომ ადამიანებს ვაჩვენოთ თუ რისი ნახვა შეიძლება რეგიონში შემოდგომაზე სტუმრობისას. ეს იქნება გასტრონომიული და ღვინის ტურიზმი, ეკოტურისტული მიმართულება თუ სოფლად ტურიზმი - ჩვენთან ტურიზმის ყველა ეს მიმართულება აქტუალურია შემოდგომაზე. რეგიონის სტუმრებს თანაბრად შეუძლიათ ქალაქის ტურისტული ღირშესანიშნაობების მონახულების პარალელურად ჩაერთონ რთველში, რომელიც აჭარაში ნოემბერში იწყება. ასევე მონაწილეობა მიიღონ ნარინჯისფერ რთველშიც და პარალელურად ჩვენი გემრიელი სამზარეულო დააგემოვნონ,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

პროექტ „გაიცანი საქართველო“-ს ფარგლებში აჭარას ქართული ჟურნალისტიკის ცნობილი სახეებიც სტუმრობდნენ. მედია ტურში საქართველოში არსებული ყველა წამყვანი ტელევიზიის გადამღები ჯგუფები იმყოფებოდნენ.