რატომ აღემატება საქართველოში მამაკაცის საშუალო ხელფასი ქალისას

საქართველოში მამაკაცთა რაოდენობას ქალთა რაოდენობა ჭარბობს, თუმცა შრომის ანაზღაურებას რაც შეეხება, მამაკაცის ხელფასი ქალისას საგრძნობლად აღემატება.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2015 წლის მონაცემების მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი, ორივე სქესის შემთხვევაში სულ 900,4 ლარია.

რაც შეეხება ქალთა საშუალო თვიურ ანაზღაურებას, ის სულ 692,5 ლარს შეადგენს, ხოლო მამაკაცთა საშუალო თვიური ხელფასი 1074,3 ლარია.

მამაკაცის ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი 2 379 ლარის ოდენობით საფინანსო საქმიანობაშია, ხოლო ქალის - 1 287,4 ლარი სახელმწიფო მმართველობაში.

აღნიშნულ საკითხზე Allnews.ge "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" გენდერული საკითხების ექსპერტ მამუკა გაჩეჩილაძეს ესაუბრა. სპეციალისტი ქალთა შედარებით დაბალი ანაზღაურებას გარემო პირობებს უკავშირებს.

"საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის ხელფასის რაოდენობა კანონით რეგულირდება და ქალსა და კაცს შორის განსხვავებული ანაზღაურება არ არის, მაგრამ უთანასწორობას ის იწვევს, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე ძირითადად მამაკაცები არიან დასაქმებულები," - განმარტავს ის.

მამუკა გაჩეჩილაძემ ასევე ამბობს, რომ საზოგადოებაში არსებული უხილავი ბარიერები ქალთა დასაქმების პრობლემას ქმნის, ერთ-ერთი მათგანი კი, ექსპერტის თქმით, არჩევანია, რომელიც ქალმა ოჯახის შექმნასა და კარიერულ წინსვლას შორის უნდა გააკეთოს.

"აღნიშნული არც ქალების ბრალია და არც მამაკაცების, გენდერული უთანასწორობა თავად არის სისტემური პრობლემის ინდიკატორი, რაც მაგალითად, განათლების სისტემაზეც აისახება, სადაც პედაგოგის სტატუსით მამაკაცთა მხოლოდ 15%-ია დასაქმებული. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებას სტერეოტიპული მიდგომები აქვს, რადგანაც არსებობს მოსაზრება, რომ ქალს დაბალანაზღაურებად სამსახურში მუშაობა შეუძლია, მაგრამ კაცი ოჯახის მარჩენალი უნდა იყოს.

თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ განათლების სისტემაში მეტი კაცი გაჩნდეს, მაშინ მთლიანად სისტემის რეორგანიზება მოგვიწევს, პედაგოგის საქმიანობა უნდა გახდეს უფრო პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი," - აღნიშნა გენდერის ექსპერტმა.

გენდერის საკითხებზე 2013 წლის გაეროს ანგარიშში "საზოგადოებრივი დამოკიდებულებები გენდერულ თანასწორობაზე პოლიტიკასა და ბიზნესში" ვკითხულობთ, -"საქართველოში ჯერ კიდევ მყარია ტრადიციული შეხედულებები გენდერულ როლებზე: ქალის ფუნქციაა შვილების მოვლა და აღზრდა, საშინაო საქმეების კეთება, ხოლო კაცის - ოჯახის უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ოჯახის მარჩენალთა 30% ქალია, მოსახლეობას მიაჩნია, რომ ეს არ არის იდეალური მდგომარეობა და თუ იქნება შესაძლებლობა, უმჯობესია, ქალი არ მუშაობდეს ან ნაკლებად დატვირთული -"ქალისთვის შესაფერისი" სამუშაო ჰქონდეს".

გაეროს კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო წლებში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ქალები კვლავ ნაკლებად მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში და ეკონომიკურად არამყარი პოზიციები უჭირავთ, ასევე ქალებისთვის განსაკუთრებით რთულია არჩევნების გზით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრა.

მარიამ მენაბდიშვილი

წყარო ALLNEWS