"ლარის კურსი საშუალოვადიან პერსპექტივაში დასტაბილურდება თუ არა, ეს არც ფინანსთა მინისტრმა იცის და არც არავინ"

ლარის კურსი საშუალოვადიან პერსპექტივაში დასტაბილურდება თუ არა, ეს არც ფინანსთა მინისტრმა იცის და არც არავინ , - ასე გამოეხმაურა პოლიტიკური პარტია ”გირჩის” წევრი ზურაბ ჯაფარიძე ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებას ლარის დასტაბილურებასთან დაკავშირებით.

ჯაფარიძის თქმით, ეს არ იცის არავინ ამ ქვეყანაში და არც მის ფარგლებს გარეთ, რადგან ამის პროგნოზირება შეუძლებელია.

”ლარის კურსზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში და ამიტომ ამის გათვლა უბრალოდ შეუძლებელია. მთავარი არის ის, რომ არასტაბილურობა არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც გაუფასურდება ან გამყარდება ლარი. ეს ყველაფერი დღეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის ძალიან ნელი”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, 2,7% ან 2,8% საშუალოდ, რაც კატასტროფაა ჩვენნაირი ქვეყნისთვის.

”თუ გვინდა, რომ ეროვნული ვალუტა იყოს მყარი, ორი გზა არსებობს. პირველი, ეს არის, რომ უნდა გაიზარდოს ჩვენი ეკონომიკა ძალიან სწრაფად და მეორე, უარი უნდა ვთქვათ იმ მონეტარულ სისტემაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს”, - აღნიშნა ჯაფარიძემ.