საქართველოს გზებზე დიდთოვლობის გამო შეზღუდვები დაწესდა

დიდთოვლობის გამო, საქართველოს გზებზე გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის საირმე-აბასთუმანის (კმ52-კმ90) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ1-კმ49 და კმ91-კმ102.2 მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რაც შეეხება სხვა საავტომობილო გზებს: თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დეპარტამენტის ცნობით, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამასთან, დიდთოვლობის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ18-კმ72 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ხოლო აღნიშნული გზის კმ1-კმ17 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

”ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები”, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.