პრემიერ-მინისტრი - ”რთველი 2016” ძალიან წარმატებული იყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „რთველი 2016“ შეაჯამა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს იყო ძალიან წარმატებული რთველი.

პრემიერის ინფორმაციით, კახეთში რთველში 178-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და გადამუშავდა 100 ათას ტონაზე მეტი ყურძენი.

„კახეთის მოსახლეობის შემოსავალმა 97 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, ხოლო რაჭა-ლეჩხუმში 24-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და 500 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. რაჭის მოსახლეობის შემოსავალმა რთველის პერიოდში 2,5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ორივე რეგიონში 2016 წელს ყურძენი ღვინის კომპანიებს 19 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევქმენით თვისობრივად განსხვავებული სუბსიდირების და აგროსესხების პროგრამა, რომლის დანერგვითაც სახელმწიფომ მოახდინა სწორი სტიმულირება მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით“, -განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იზრდება ვენახების ფართობი, ხარისხს, ადგილწარმოშობას, სწორი მიმართულებით განვითარებას, ბრენდირებული ღვინოების მთელი მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე ექსპორტს ექცევა ძალიან დიდი ყურადღება.

„ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. ძალიან მახარებს, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან თანდათან იკრებს ძალას და ევროპის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი რაოდენობა გადის ექსპორტზე. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ტრადიციულ ბაზრებზე ვართ წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია ის, რომ ახალ ბაზრებზე, როგორიც არის ჩინეთი, სადაც მიღწეულია თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, ქართული ღვინის ექსპორტი უპრეცედენტოდ მაღალი სისწრაფით იზრდება, რაც ძალიან მახარებს“, -განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს და სამინისტროს წარმატებული რთველისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა სოფლის მეურნეობის მინისტრს მთავრობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციის გამართვა სთხოვა, სადაც უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადობას.