სატყეო სააგენტო - დაბალ ზონაში მცხოვრებ კომლს არაუმეტეს 7 კბმ საშეშე მერქნის მოპოვება შეუძლია

მოახლოებულ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას მიმართავს, იმ შემთხვევაში თუ მათ ვერ შეძლეს ტყეკაფების რესურსის ათვისება, რეგიონულ სატყეო სამსახურებს დაუკავშირდნენ.

როგორც სატყეო სააგენტო იუწყება, გაზაფხულის დადგომისთანავე მოხდა ტყეკაფების გამოყოფა და არსებულ ტერიტორიამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. მათივე ინფორმაციით, მომზადდა საინფორმაციო სატელევიზიო ვიდეო-რგოლი და ყველა მუნიციპალიტეტში, საინფორმაციო დაფებზე განთავსდა საჭირო ინფორმაცია.

,,მოსახლეობის შეშით დროული უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო ყოვეწლიურად, გაზაფხულის დადგომისთანავე, ახორციელებს ტყეკაფების გამოყოფისა (მოსაჭრელი ხეების მონიშვნის) და ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო გზების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს საქართველოს ყველა რეგიონში. ასევე, აღსანიშნავია, რომ არსებობს წინა წლების ტყეკაფების ნაშთები, საიდანაც მოსახლეობას მთელი წლის განმავლობაში შეუძლია ხე-ტყის ათვისება.

მიმდინარე წელს, ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურების თანამშრომლები, აქტიურად ახდენდნენ მოსახლეობის ინფორმირებას ხელმისაწვდომი რესურსის მოცულობის, მდებარეობისა და მოპოვების პროცედურებთან დაკავშირებით. მათ შორის, მომზადდა საინფორმაციო სატელევიზიო ვიდეო-რგოლი, ყველა მუნიციპალიტეტში, საინფორმაციო დაფებზე განთავსებულია საჭირო ინფორმაცია.

სააგენტო მიმართავს თხოვნით მოქალაქეებს, რომლებმაც, აღნიშნული ღონისძიებების მიუხედავად, ვერ შეძლეს რესურსის ათვისება, ნებისმიერი სახის ინფორმაციის ან საჭირო დახმარების მისაღებად დაუკავშირდნენ რეგიონულ სატყეო სამსახურებს შემდეგ ნომრებზე:

1. კახეთის სატყეო სამსახური - 595000110

2. შიდა ქართლის სატყეო სამსახური - 595000757

3. ქვემო ქართლის სატყეო სამსახური - 595000182

4. მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახური - 595095512

5. იმერეთის სატყეო სამსახური - 595000343

6. სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახური - 595000480

7. სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახური - 595000603

8. რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სატყეო სამსახური - 595000485

9. გურიის სატყეო სამსახური - 595000088

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სოციალური ჭრის ფარგლებში, ყოველწლიურად დაბალ ზონაში მცხოვრებ კომლს არაუმეტეს 7 კბმ და მაღალმთიან ზონაში მცხოვრებ კომლს არაუმეტეს 15 კბმ საშეშე მერქნის მოპოვება შეუძლია, ამასთან, სოციალური ჭრის ფარგლებში მოპოვებული მერქნული რესურსის გასხვისება-რეალიზაცია აკრძალულია,”- აცხადებენ სატყეო სააგენტოში.