გაერო-ს მოსახლეობის ფონდი - ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეების 46% ბიჭს ამჯობინებს, 9% - გოგოს

გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკა საქართველოში ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს , - ამის შესახებ გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) 2016 წლის მსოფლიოს მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ ანგარიშშია ნათქვამი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გარდა საქართველოზეც არის საუბარი.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეების 46% ბიჭს ამჯობინებს, 45%-სთვის სქესს მნიშვნელობა არა აქვს, ხოლო გოგონას ყოლას მხოლოდ 9% არჩევდა.

”დაბადებისას სქესთა შორის თანაფარდობის საშუალო მაჩვენებელი 2008-2012 წლებში 111.8 აღწევდა (ბიოლოგიური ნორმა: 105-106);

არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში მცხოვრები ქალების 14% 18 წლის შესრულებამდე დაქორწინდა. თუმცა, მონაცემები ვერ იქნება სრული, რადგან ნაადრევი ქორწინება ხშირად არ არის ოფიციალურად დარეგისტრირებული. ადრეულ ქორწინებაში მყოფი ბიჭების რაოდენობა, გოგონებთან შედარებით, გაცილებით ნაკლებია”, - აღნიშნულია ანგარიშში.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დღეს გავრცელებულ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ადრეული ქორწინება, მოზარდობის ასაკში ორსულობა და გენდერული უთანასწორობის სხვა ღრმად ფესვგადგმული გამოვლინებები საფრთხეს უქმნის გოგონების ჯანმრთელობას და უფლებებს და რისკის ქვეშ აყენებს მსოფლიოს განვითარების ამბიციურ დღის წესრიგს.

”ათი წელი გოგონებისთვის მნიშვნელოვანი ასაკია, რადგან ისინი სწორედ ამ დროს შედიან გარდატეხის პერიოდში. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში გოგონების ნაწილი ამ ასაკში სათანადოდ ვითარდება, იძენს მნიშვნელოვან უნარებს და იფართოებს თვალსაწიერს, რაშიც მათ ოჯახში და თემში არსებული ხელშემწყობი გარემო ეხმარება. ეს კი საშუალებას აძლევს გოგონებს თავად გააკეთონ არჩევანი და განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. თუმცა ამავდროულად, იგივე რეგიონში, მრავალ სხვა გოგონას, სხვადასხვა სოციალური და კულტურული ნორმის, დისკრიმინაციული კანონებისა და მავნე პრაქტიკის გავლენით, განვითარებისა და წინსვლის საშუალება არ ეძლევა”, -აღნიშნულია ანგარიშში.

“ჩვენს რეგიონში, ათი წლის გოგონა ცხოვრებისეულ გზაჯვარედინზე დგას. ის, თუ რომელ გზას აირჩევს იგი, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი, არამედ ჩვენი ცხოვრებისთვისაც, რადგან ჩვენ ყველანი ვიმარჯვებთ მაშინ, როცა გოგონას - ასობით გოგონას, გოგონების მთელ თაობას - შეუძლია თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენა: ამით ადამიანური კაპიტალი ძლიერდება, ეკონომიკა იზრდება და ქვეყნის სიმდიდრე მატულობს“, -აცხადებს გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) რეგიონული დირექტორი ალანა არმიტაჟი.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) რეგიონული ოფისის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ანგარიშის დანართში კი ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიაში გოგონები კარგ ზოგად განათლებას იღებენ და შემდგომში, უმაღლესი განათლების კუთხით, უპირატესობასაც კი ფლობენ ბიჭებთან და ახალგაზრდა კაცებთან შედარებით, მაგრამ რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა ხელს უშლის ბევრ მათგანს სრულად გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი და ხელი შეუწყოს თავისი თემისა და ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ წინსვლას.

”მიუხედავად იმისა, რომ ადრეული ან ბავშვთა ქორწინება არაკანონიერია, ის მაინც ჩვეულებრივი მოვლენაა რეგიონში, რის გამოც გოგონებს ხშირად უწევთ სკოლის მიტოვება.

დასავლეთ ევროპასთან შედარებით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მოზარდი გოგონების ორსულობის ალბათობა სამჯერ უფრო მეტია, რაც უარყოფით გავლენას ახდენს დედისა და ახალშობილის ჯანმრთელობასა და მათ მომავალზე.

ახალგაზრდა დედებს უჭირთ სამუშაოსა და შვილების აღზრდის შეთავსება, რადგან დეკრეტული შვებულება და ბავშვზე ზრუნვის შესაძლებლობები არადამაკმაყოფილებელია და ტრადიციული გენდერული როლები აიძულებს ქალებს უარი თქვან პროფესიულ კარიერაზე.

დღევანდელი 10 წლის ასაკის გოგონების განვითარებისათვის ხელშეწყობის გარეშე, გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების დღის წესრიგი 2030 წლისთვის და მდგრადი განვითარების 17 მიზანი შეიძლება ვერასოდეს იქნას მიღწეული”, -აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ განვითარების ახალი დღის წესრიგი, რომელსაც 2015 წელს მსოფლიო ლიდერებმა დაუჭირეს მხარი, წარმოადგენს სოციალური და ეკონომიკური წინსვლის გეგმას, რომლითაც ქვეყნებმა 15 წლის განმავლობაში უნდა იხელმძღვანელონ.

”თანასწორი განვითარება, რაც ჩამორჩენის საფრთხეს ყველას ააცილებს, მისი მთავარი ქვაკუთხედია. იმ ბარიერების აღმოფხვრა, რომელიც 10 წლის გოგონებს წინსვლაში და განვითარებაში უშლით ხელს, ამ დღის წესრიგის წარმატების შანსს გაზრდის.

ამ მხრივ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საკმაოდ დაგროვდა ეფექტური პოლიტიკის გატარების გამოცდილება, რაც მთავრობებმა შეიძლება გაითვალისწონონ და განახორციელონ; მათ შორისაა აკრძალვის გამკაცრება ისეთ საზიანო პრაქტიკაზე, როგორიცაა ბავშვთა/ადრეული ქორწინება, ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების ტრენინგებისა და მოზარდებისათვის ასაკზე მორგებული განათლების მიწოდება რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ, ტრადიციული გენდერული როლებისა და სტერეოტიპების აღმოფხვრა, გენდერულად მგრძნობიარე შრომის პოლიტიკის ამოქმედება და სხვა.

დღეს მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევაა გააძლიეროს ძალისხმევა, რათა რაც შეიძლება მეტ გოგონას, განსაკუთრებით კი ყველაზე ღარიბებსა და დაუცველებს, მისწვდეს განვითარების ტალღა”, - აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში მოყვანილია ძირითადი ფაქტები და ციფრები აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან: ”ამ რეგიონში, 10 წლის გოგონების უმეტესობა სკოლაში დადის, (თუმცა არ შეიძლება ეს მონაცემი ყველა ჯგუფზე განზოგადდეს, მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში ბოშა ახალგაზრდების 30% -ზე მეტი დაწყებითი განათლების გარეშე რჩება.)

ბავშვთა ქორწინება ხშირია რეგიონის გარკვეულ ნაწილებში, მათ შორის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, მაგრამ პრაქტიკის უკანონობის გამო, ამ საკითხის ირგვლივ მხოლოდ რამდენიმე სანდო მონაცემი არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში მოზარდთა ორსულობის მაჩვენებელი მცირდება, თინეიჯერთა ორსულობა მაინც სამჯერ უფრო ხშირია, ვიდრე დასავლეთ ევროპაში (ცალკეულ ქვეყნებში კი - ექვსჯერ უფრო ხშირია).

ზოგიერთ ქვეყანაში, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის გამო, ბევრად უფრო ნაკლები გოგონა იბადება, ვიდრე ბიჭი. რეგიონი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულია დაბადებისას სქესთა შორის თანაფარდობის დისბალანსის კუთხით.

რეგიონის ყველა ქვეყანაში მამაკაცებზე ბევრად უფრო ნაკლები ქალი არის ჩართული შრომით საქმიანობაში.

მოზარდი გოგონები განსაკუთრებით დაუცველნი არიან ჰუმანიტარული კრიზისის დროს, თუმცა მათი საჭიროებები და დაუცველობა ხშირად შეუმჩნეველი რჩება”, - ნათქვამია ანგარიშში.

აღნიშნულ ანგარიშს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე